დედაქალაქის მერია თბილისობისთვის დაგეგმილ მიუზიკლში 366 043 ლარს იხდის

721

წინა სტატია

“თბილისური ვოდევილი“ – ასე ჰქვია თბილისობის პირველი დღისთვის შექმნილ მიუზიკლს, რომელშიც დედაქალაქის მერია 366 043 ლარს იხდის. ინფორმაციას ლიბერალი ავრცელებს.

როგორც სატენდერო ხელშეკრულებაშია აღნიშნული, მიუზიკლი რამდენიმე ძველ ვოდევილს (“ხანუმა“, “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, “ძუნწი“, “მზის დაბნელება საქართველოში“ და სხვა) აერთიანებს და სპეციალურად მისთვის ახალი ტექსტები და სიმღერები დაიწერება. მასში მონაწილეობას კი ქართველი მსახიობები, მომღერლები და მოცეკვავეები მიიღებენ.

“ყველა ეთნოსითა და ყველა იმ ნიუანსით, რომელიც ახასიათებს თბილისს, სცენაზე მულტიკულტურული თბილისი გაცოცხლდება“, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

დოკუმენტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი შპს Art One-ია. მსურველებს მიუზიკლის ნახვა 6 ოქტომბერს, 20 საათზე “ევროპის მოედანზე“ შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ 366 043 ლარი მხოლოდ მიუზიკლის ღირებულებაა. სცენისა და დეკორაციებისთვის კი მერია დამატებით თანხებს იხდის. მიუზიკლის გასაფორმებლად საჭირო დეკორაციებში მერიამ ამავე შპს-ს 30 000 ლარი გადაუხადა, ხოლო სცენის მოწყობისთვის შპს “Luma Development-ს” – 17 500 ლარი.

შეგახსენებთ, რომ თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან, მერიის გადაწყვეტილებით, თბილისობა სამომავლოდ ყოველი წლის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას ჩატარდება.

ასევე, ცნობილია ადგილები, სადაც თბილისობას გარევაჭობა დასაშვები იქნება. თბილისობას ღონისძიებები 5 სხვადასხვა ადგილზე გაიმართება.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით კი, თბილისობას საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.