მერიამ ტაქსის ნებართვის გაცემის ორგანიზებისთვის იუსტიციის სახლს 150 000 ლარი გადაუხადა

743

დედაქალაქის მერიამ იუსტიციის სახლს ტაქსით მომსახურების გაწევაზე ნებართვის გაცემის ორგანიზებისთვის 150 000 ლარი გადაუხადა. ინფორმაციას ლიბერალი ავრცელებს.

სატენდერო ხელშეკრულების თანახმად, იუსტიციის სახლის ვალდებულება იყო ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით განცხადების მიღება, კონსულტაცია, ნებართვის მაძიებლის იდენტიფიცირება, ელექტრონული განაცხადის შევსება, განაცხადზე განმცხადებლის ელექტრონული ხელმოწერის მოთავსება, განმცხადებლისთვის ინვოისისა და ამობეჭდილი ნებართვის გაცემა.

21 აგვისტოდან იუსტიციის სახლი ტაქსით მომსახურების გაწევის მსურველთათვის ნებართვებს გასცემს. პირველი ოქტომბრიდან არალიცენზირებულ ტაქსებს მგზავრთა გადაყვანა აეკრძალათ, თუმცა ლიცენზიის გაცემა გრძელდება. 5 ოქტომბრის მონაცემებით, უკვე გაცემულია15 534 ნებართვა. ამასთან, არარეგისტრირებული ტაქსი ჯარიმდება 200 ლარით.

თბილისის მასშტაბით 250-მდე საპარკინგე ადგილი სპეციალურად ტაქსებისთვის გამოიყოფა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, დედაქალაქში ყველა ტაქსი ერთი ფერის – თეთრი იქნება, ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ, რომელიც 35 ლარი დაუჯდებათ.

ხოლო, ტაქსის მძღოლს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე, გავლილი ექნება ტექნიკური ინსპექტირება, ეყოლება მარცხენასაჭიანი და 4 კარიანი ავტომობილი, უსასყიდლოდ გადაცემენ ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერს.

ასევე, ცნობილია, რომ ტაქსის მძღოლებმა 2 წლით მანქანაზე იმ კომპანიის რეკლამა უნდა განათავსონ, რომელიც გადაღებვის ვაუჩერს გადასცემთ. 2019 წლის ოქტომბრიდან კი მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურება აიკრძალება.

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის ინიციატივით, ნასამართლევ პირებს, შესაძლოა, ტაქსის მძღოლობა აეკრძალოთ.