კალაძე: ტაქსებს, რომლებიც ლიცენზიას 10 ოქტომბრამდე აიღებენ, გადაღებვის ვაუჩერს გადავცემთ

747

წინა სტატია

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე, გავლილი ექნება ტექნიკური ინსპექტირება, ეყოლება მარცხენასაჭიანი და 4 კარიანი ავტომობილი, უსასყიდლოდ გადაცემენ ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერს.

კახა კალაძემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ტაქსის მფლობელებს მდგომარეობას და ამასთან, ხელს შეუწყობს რეფორმის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას. მისი თქმით, რომ ტაქსების შეღებვის ვაუჩერი ტაქსების მფლობელებს გადაეცემათ სრულიად უსასყიდლოდ და მათ აღნიშნული ხარჯის გაწევა აღარ მოუწევთ.

“პირველ რიგში, უნდა შევეხო ტაქსების რეგისტრაციის პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. ტაქსის სერვისის დარეგულირება რომ აუცილებელია, ამაში სადავო არაფერია. ამასვე ადასტურებს ყველანაირი კვლევა და ჩვენი საზოგადოების დიდი მხარდაჭერა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს უკვე გაცემული აქვს 12 000-მდე ნებართვა და ახლაც მიმდინარეობს ნებართვების გაცემა მსურველებზე. ამის პარალელურად, 1-ელი ოქტომბრიდან თბილისში უკვე მოძრაობენ რეგისტრირებული ტაქსები და კიდევ ერთხელ შევახსენებ ტაქსის სერვისის განხორციელების მსურველებს, რომ არარეგისტრირებული ტაქსი ჯარიმდება 200 ლარით.

როგორც მოგეხსენებათ, ერთი წლის შემდეგ განხორციელდება ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ვიზუალური სტანდარტის ამოქმედებას ითვალისწინებს. ვიზუალური სტანდარტი მოიცავს ფერს და თქვენ იცით, რომ საკრებულოში ჩვენ მიერ ინიცირებულია თეთრი ფერი. ჩვენ კარგად გვესმის იმ ადამიანების, რომელთა ოჯახებისთვის ტაქსის მომსახურებით მიღებული შემოსავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რეგისტრირებული ტაქსების მძღოლებს ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, მიიღონ დამატებითი შემოსავალი სატრანსპორტო საშუალებაზე რეკლამის განთავსებით და მათ ასევე საჩუქრად გადაეცემათ სახურავზე განსათავსებელი მანათობელი,” – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ, რომელიც მძღოლებს 35 ლარი დაუჯდებათ. ამასთან, 2019 წლის ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურება აიკრძალება.