კრწანისის რაიონში 3 სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

855

კრწანისის რაიონში 3 სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, ზემო ფონიჭალაში, დაახლოებით, ერთ ჰექტარზე, რომლის ძირითადი ნაწილი ამ დრომდე აუთვისებელი იყო, სრულიად ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ასევე, თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ორი ახალი სპორტული მოედანი. ამ ეტაპზე კი, ტერიტორიის აუთვისებელ ნაწილში საბავშვო სივრცის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამასთან, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის N18-ში, უსინათლოებისთვის ადაპტირებული სკვერი ეწყობა. აღნიშნულ ტერიტორიასა და მის მიმდებარედ არსებული ძველი ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, 3 100 კვ.მ-ზე განთავსებული სკვერი, თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ნოვატორული რეკრეაციული ზონა განთავსდება, უსინათლოებისთვის მარტივად გადასაადგილებელი ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები, ადაპტირებული სასმელი წყლის შადრევანი და გარეგანათების ქსელი მოეწყობა. სკვერი ხუთი სხვადასხვა ჯიშის 80 ძირი ხე-მცენარით გამწვანდება და მოეწყობა სარწყავი სისტემა. ამ ეტაპზე, სკვერში განათების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს. სკვერის მოწყობის სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება.

ასევე, სკვერის მოწყობის სამუშაოები გამგეობამ ორთაჭალაში, გრიშაშვილის N51-ის მიმდებარედაც დაიწყო. ახალი სკვერი 1 000 კვ.მ ფართობზე განთავსდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ტერასის ხიდი ლითონის მოაჯირით, საყრდენი კედლები, კიბისა და გზისპირა მოაჯირი, წყლის შადრევანი და გარეგანათების ქსელი. სკვერი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით გამწვანდება და რულონური ბალახი დაიგება. სკვერში დამონტაჟდება საპარკე სკამები, ლითონის კონსტრუქციები შეიღებება და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, ქვემო ფონიჭალასა და ორთაჭალაში მდებარე ახალი სკვერებით მოსახლეობა მიმდინარე წლის ნოემბრიდან ისარგებლებს.