ტერიტორია, სადაც ხელვაჩაურის მერიის შენობა დგას, ამ დრომდე ქალაქ ბათუმის ფარგლებშია მოქცეული. დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ საზღვრების დაზუსტება და დაახლოებით 55 ჰექტარის მიწის უკან დაბრუნება მოითხოვა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
”თავის დროზე უნდა გათვალისწინებულიყო, რომ მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციულ ცენტრს კარგავდა. ამასთან ხელვაჩაურს დაბა აღარ ჰქონდა. ჩვენ თუ ამ ადგილს არ დავიბრუნებდით მომავალში შეგვედავებოდნენ, რომ მუნიციპალიტეტის სახელწოდებაც არ უნდა გვქონოდა, რადგან ქალაქური ტიპის დასახლება – დაბა არ გაგვაჩნდა”, – განაცხადა სხდომაზე ნადიმ ვარშანიძემ.
საკრებულოს წევრებმა ტერიტორიის გადმოცემის საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს.
ხელვაჩაურის საკრებულომ სპეციალური კომისიაც შექმნა. კომისიის წევრებმა იმუშავეს, შეადგინეს რუკა და გეგმა, ასევე განსაზღვრეს ტერიტორიები, რომლის უკან დაბრუნებაც სურთ.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ბათუმის საკრებულოს დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავენ, შეჯერებული პოზიცია კი მთავრობას გადაუგზავნიან.
აღნიშნულ საკითხზე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ნაწილი ბათუმს 2010 წელს გადაეცა.