ჭიათურის მერიაში პოსტი კიდევ ორმა თანამშრომელმა დატოვა

1049

წინა სტატია

ჭიათურის მერიაში მერის პაატა ნადირაძისა და ადმინისტრაციული და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსების შემდეგ პოსტი კიდევ ორმა თანამშრომელმა დატოვა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება იურიდიული განყოფილების უფროსმა, დავით სალაძემ და მერის მრჩეველმა, ნოდარ ჩაჩანიძემ დაწერეს.

გავრცელებულ ინფორმაციას პოსტის დატოვების შეასხებ არ ადასტურებს მერის პირველი მოადგილე, გივი მოდებაძე, რომელიც ამჟამად მერის მოვალეობას ასრულებს.

როგორც გივი მოდებაძე ამბობს, მერიაში სამუშაო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

“არჩევნებამდე არსად არ მივდივარ, ვასრულებ მერის მოვალეობას. რაც შეეხება თანამსრომლების წასვლას, დავნიშნავთ მოვალეობის შემსრულებლებს და შემდეგ გამოვაცხდებთ კონკურსს”, – ამბობს გივი მოდებაძე.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ პოსტი 27 სექტემებრს დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად ნადირაძემ მის წინააღმდეგ სხვადასხვა უწყების მიერ მოწყობილი შეთქმულება დაასახელა.

ინფორმაცია, რომ ნადირაძე თანამდებობას დატოვებდა, droa.ge-მ ჯერ კიდევ ივლისში მოიპოვა და გამოაქვეყნა, მაშინ, როცა ახალმა პრემიერმა ბახტაძემ გუბერნატორები გადააყენა. სამხარეო რწმუნებულების შეცვლის შემდეგ დღის წესრიგში იმ მერების საკითხი დადგა, ვინც მაჟორიტარ დეპუტატებთან კონფლიქტში იყვნენ. მათ შორის პაატა ნადირაძეც იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ნადირაძე ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალავიძის კადრად ითვლებოდა და მას მაჟორიტარ დეპუტატ სულხან მახათაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ნადირაძის მხარდამჭერები სწორედ მახათაძის პროვოკაციას უკავშირებენ 13 ივლისს მომხდარ ინციდენტს, რომელიც ჭიათურაში, რესტორან “შუა გზაში” მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჭიათურის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რესტორანში მყოფ მოქალაქეს სცემეს. ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინა ასანიძე თანამდებობიდან გადადგა. გუშინ კი პოსტი ჭიათურის მერმაც დატოვა.

უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა აღნიშნულ ინციდენტს ან პარლამენტის მაჟორიტართან დაპირისპირებას, ამაზე განმარტება პაატა ნადირაძეს ჯერ არ გაუკეთებია.

ნადირაძე უკვე მეორე პირდაპირი წესით არჩეული მერია, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ორი კვირით ადრე, 12 სექტემბერს, გადადგომის შესახებ განცხადება ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ გააკეთა. მასთან ერთად პოსტიდან წავიდა გოგიას პირველი მოადგილეც. როგორც გაირკვა, ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს.

droa.ge-ს ინფორმაციით, გოგია და ნადირაძე არ არიან ბოლო მერები, ვინც “საკუთარი განცხადების საფუძველზე” წასვლას მალე გადაწყვეტენ. გამოცემა მიადევნებს თვალს ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებს და ანალიზს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.