მერის შემდეგ ჭიათურის მერიაში პოსტებს სამსახურის უფროსები ტოვებენ

946

წინა სტატია

მერის შემდეგ ჭიათურის მერიაში პოსტებს სამსახურის უფროსები ტოვებენ. “ქუთაისიპოსტის” ინფორმაციით, თანამდებობა ადმინისტრაციული და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსებმა დატოვეს.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური უფროსი, მიხეილ ლეჟავა გამოცემასთან საუბარში ინფორმაციას ადასტურებს და  ამბობს, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება პაატა ნადირაძის გადადგომის გამო მიიღო.

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ თანამდებობა 27 სექტემბერს დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად ნადირაძემ მის წინააღმდეგ სხვადასხვა უწყების მიერ მოწყობილი შეთქმულება დაასახელა.

“არაერთხელ ვეცადე დამერეგულირებინა ,საკრებულოს ბომონდთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, პოლიციის უფროსთან,სხვადასხვა ძალისმიერ სტრუქტურებთან ურთიერთობები მაგრამ ამოდ. ეს არჩევნებიდანვე იგრძნობოდა მათგან , თითქოს ერთმანეთან პირობა ჰქონდათ მიცემული, შეთქმულება იყო, თუ რა ხდებოდა დღემდე ვერ ვხვდები ჩემს წინააღმდეგ. ალბათ, ჩვენი დამოუკიდებელი, მკვეთრი, გამოსაჩენი ნაბიჯები ,ის რომ ძილის და ჭამის დროს სტრუქტურებს არ ვუთანხმებდი ალბათ, რაც ირგვლივ ხდება და ხდებოდა ჩემამდე ,სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ ამ გადასახედიდან. მე არასოდეს სკამის მაძიებელი, თანამდებობაზე გადარეული კაბინეტზე და მანქანაზე შეყვარებული არ ვყოფილვარ, ჩვენისთანა ხალხი ქუჩაში არასოდეს არ რჩება. არ მინდა ღალატში ჩამეთვალოს, გამგები გამიგებს, ამ ფონზე, ამ რეალობაში, მე მიზანშეუწონლად მიმაჩნია, დავრჩე თანამდებობაზე”, – წერს პაატა ნადირაძე.

ჭიათურის მერის პაატა ნადირაძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მერის მოვალეობას პირველი მოადგილე გივი მოდებაძე შეასრულებს.

ინფორმაცია, რომ ნადირაძე თანამდებობას დატოვებდა, droa.ge-მ ჯერ კიდევ ივლისში მოიპოვა და გამოაქვეყნა, მაშინ, როცა ახალმა პრემიერმა ბახტაძემ გუბერნატორები გადააყენა. სამხარეო რწმუნებულების შეცვლის შემდეგ დღის წესრიგში იმ მერების საკითხი დადგა, ვინც მაჟორიტარ დეპუტატებთან კონფლიქტში იყვნენ. მათ შორის პაატა ნადირაძეც იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ნადირაძე ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალავიძის კადრად ითვლებოდა და მას მაჟორიტარ დეპუტატ სულხან მახათაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ნადირაძის მხარდამჭერები სწორედ მახათაძის პროვოკაციას უკავშირებენ 13 ივლისს მომხდარ ინციდენტს, რომელიც ჭიათურაში, რესტორან “შუა გზაში” მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჭიათურის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რესტორანში მყოფ მოქალაქეს სცემეს. ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინა ასანიძე თანამდებობიდან გადადგა. დღეს კი პოსტი ჭიათურის მერმაც დატოვა.

უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა აღნიშნულ ინციდენტს ან პარლამენტის მაჟორიტართან დაპირისპირებას, ამაზე განმარტება პაატა ნადირაძეს ჯერ არ გაუკეთებია.

ნადირაძე უკვე მეორე პირდაპირი წესით არჩეული მერია, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ორი კვირით ადრე, 12 სექტემბერს, გადადგომის შესახებ განცხადება ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ გააკეთა. მასთან ერთად პოსტიდან წავიდა გოგიას პირველი მოადგილეც. როგორც გაირკვა, ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს.

droa.ge-ს ინფორმაციით, გოგია და ნადირაძე არ არიან ბოლო მერები, ვინც “საკუთარი განცხადების საფუძველზე” წასვლას მალე გადაწყვეტენ. გამოცემა მიადევნებს თვალს ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებს და ანალიზს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.