მსახიობ სტივენ სიგალს რუსეთის პრიმორსკის ოლქის გუბერნატორობა სურს

794

ჰოლივუდის მსახიობს, სტივენ სიგალს, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა და სამუშაოდ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გაამწესა, პრიმორსკის ოლქის გუბერნატორობა სურს.

ამის შესახებ მან ვლადივოსტოკში მიმდინარე საერთაშორისო კონოფესტივალზე მაყურებლებთან შეხვედრისას თქვა.

შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ სიგალს ჰკითხა, მოინდომებდა თუ არა ის პრიმორსკის ოლქის გუბერნატორობას, მით უფრო, რომ ჯერჯერობით, ამ ოლქს გუბერნატორი არ ჰყავს. მსახიობმა კი მას უპასუხა: “მე ჩამოვედი სპეციალურად კინოფესტივალზე. გარდა ამისა, მამის მხრიდან ჩემი წინაპრები აქედან იყვნენ. მე მინდა, რომ კარგად შევისწავლო ეს მხარე და გავხდე თქვენი გუბერნატორი”.

როგორც ცნობილია, 9 სექტემბერს პრიმორიეში გუბერნატორის არჩევნები გაიმართა, თუმცა, პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა საჭირო ხმები ვერ დააგროვა. მეორე ტური 16 სექტემბერს ჩატარდა, თუმცა, შედეგები, დარღვევების გამო, საერთოდ გააუქმეს. განმეორებითი არჩევნები პრიმორსკიში 3 თვის შემდეგ უნდა გაიმართოს.