საქართველოს საგარეო უწყება: სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე

479

წინა სტატია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვის განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე მიუღებელია.

უწყებაში აცხადებენ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებშიც განხილვის მთავარ საკითხებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესი და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა წარმოადგენდა.

“ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და სახელმწიფო დუმის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა ნათლად მიუთითებს ანექსიის მიმდინარე პროცესზე.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა: ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაცია, უკანონო სამხედრო წვრთნები და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევები, აგრეთვე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჯარისკაცების მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა. საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით, სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა. დისკუსიებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის პროცესს, რაც ადგილზე ვითარების ესკალაციის საშიშროებას ქმნის”.

ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდის შემდეგ რუსეთი ოკუპირებული რეგიონების “საზღვრების” დელიმიტაცია/დემარკაციის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია საუბარი.

“ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა უმრავლესობის შეფასებით, სიტუაცია საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრისპირეთში ვითარება შედარებით სტაბილური ხდება. რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით რუსული მხარე გამოდის შემოთავაზებით, რომ დაიწყოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაცია მათი შემდგომი დემარკაციით. ამაში მოსკოვს აქტიურად უჭერენ მხარს სოხუმი და ცხინვალი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ჟენევის მოლაპარაკებები 54-ე რაუნდი 12-13 ოქტომბერს გაიმართა. როგორც უკვე ცნობილია, მომდევნო შეხვედრა მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისშია დაგეგმილი.