DRI: დეფაქტო აფხაზეთის ბიუჯეტის 60% რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება – აფხაზეთში ღიად დაიწყო საუბარი რუსული ბიზნესისთვის ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის თაობაზე

422

ოფიციალურად, აფხაზეთის დღევანდელი ბიუჯეტის 60% რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, – ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აფხაზეთში ღიად დაიწყო საუბარი ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის თაობაზე, რაც გულისხმობს როგორც ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ობიექტების, ისე უძრავი ქონების გასხვისებას რუსულ ბიზნესზე და რუსეთის მოქალაქეებზე.

„უკვე 28 წელია, აფხაზეთი დეფაქტო აღარაა საქართველოს სამართლებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცის ნაწილი. ამ ხნის განმავლობაში, ოდესღაც ეკონომიკურად წარმატებული მხარე გაპარტახდა და მისი მაცხოვრებლების უმეტესობა გადარჩენის რეჟიმში ცხოვრობს. აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის მტკიცებით, ეკონომიკური ინფრასტრუქტურა 1992-1993 წლების ომმა გაანადგურა. დეფაქტო ხელისუფლება სამხედრო მოქმედებებისგან მიყენებულ ზარალს 11-დან 13 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე აფასებს და კომპენსაციას საქართველოს მთავრობისგან ელის. თუმცა, ომის ფაქტორის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური სივრციდან გასვლის შემდეგ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის უფუნქციობა. მიტოვებული ინფრასტრუქტურა, წლების განმავლობაში ჯართად ქცევის და სხვადასხვა სახის მასალად დაშლის მსხვერპლი გახდა.

დღევანდელი აფხაზეთის ეკონომიკა ტურიზმის და სოფლის მეურნეობის დარგებითაა წარმოდგენილი. ოკუპაციის პირობებში, იგი მთლიანად მიბმულია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკას და მისგან საზრდოობს. ოფიციალურად, დღევანდელი აფხაზეთის ბიუჯეტის 60% რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარების შემდეგ, აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ მხოლოდ ფინანსური სახით 40 მილიარდ რუბლზე მეტი (ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი) დახმარება მიიღო. აქ არ იგულისხმება ის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული დახმარება, რაც რუსეთის ფედერაციიდან მის მიერ ოკუპირებულ რეგიონში სატრანსპორტო საშუალებების, მატარებლის რელსების, სამშენებლო მასალის, ხე-ტყის, თუ სხვა სახით მოედინება. ასევე, არ იანგარიშება აფხაზეთის ტერიტორიაზე მოპოვებული წიაღისეულის თუ სხვა ნედლეულის შესყიდვით შეტანილი ფინანსური რესურსები, რომლებიც აფხაზეთის დე-ფაქტო ელიტამ რუსეთის სამხრეთში წარმოებული დიდი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების, მაგალითად, სოჭის ოლიმპიადის მზადების დროს მიიღო.

არის თუ არა დახმარება უანგარო? როდემდე გააგრძელებს რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში უზარმაზარი ფინანსური ნაკადის გაუმჭვირვალე არხებით შედინებას? რას მოითხოვს იგი სანაცვლოდ, გარდა ერთგულებისა და მტრულად განწყობილი საქართველოს მიმართ აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის ხისტი პოზიციისა?

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, აფხაზეთში ღიად დაიწყო საუბარი ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის თაობაზე. ეს უკანასკნელი გულისხმობს როგორც ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ობიექტების, ისე უძრავი ქონების გასხვისებას რუსულ ბიზნესზე და რუსეთის მოქალაქეებზე. უძრავი ქონების დიდი ნაწილი აფხაზეთში უპატრონოდაა მიტოვებული. 250 000-ზე მეტი ეთნიკური ქართველის პირადი ქონება მიწის და შენობა-ნაგებობების სახით რუსეთის ბევრი მოქალაქისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. თუმცა, გაცილებით მეტი ფასი რუსეთისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწას და საბჭოთა პერიოდის ტურისტულ ინფრასტრუქტურას ექნება. ჩვენი აზრით, სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება პრივატიზაციის პირველი ტალღა დავინახოთ, რითაც, პირველ რიგში, რუსული ბიზნესი და რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ეკონომიკური აქტორები იხეირებენ. ეს პროცესი კიდევ უფრო გააღრმავებს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ანექსიას.

ამ პერსპექტივას აფხაზეთში ენთუზიაზმით არ შეხვედრიან. ამჟამინდელი დეფაქტო მთავრობის ოპოზიციაში მყოფი ძალები ღიად საუბრობენ, რომ ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია აფხაზეთიდან დევნილ ეთნიკურ ქართველებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, აფხაზეთში საკუთრების შეძენის შესაძლებლობას მისცემთ. ამ ნახევრად ოფიციალური არგუმენტის გარდა, აფხაზეთში შიშობენ, რომ რუსების დიდი მასის მიერ აფხაზეთში საკუთრების შეძენა, უკიდურეს უმცირესობაში მოაქცევს ადგილობრივ ეთნიკურ აფხაზებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, აფხაზეთის მოქმედმა დეფაქტო მთავრობამ ინდივიდუალური წესით ქონების გასხვისება დაიწყოს. უფრო სავარაუდოა, მან მსხვილი საკუთრება გადასცეს რუსულ ბიზნესს თუ სახელმწიფოს.

საქართველოსთვის ამ პროცესის გაკონტროლება მოცემულ ვითარებაში უკიდურესად რთულია. თუმცა, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ განაცხადოს, რომ გამოიყენებს საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტებს რუსეთის ფედერაციასთან დავებისთვის და იმ ეკონომიკური აქტორების სანქცირებისთვის, რომლებიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთრების შეძენას გაბედავენ”, – ნათქვამია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.