წინუბნის აბანოები – უფუნქციოდ დარჩენილი ტურისტული პოტენციალი (ფოტო/ვიდეო)

2443

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ.

ავტორი: თორნიკე ზაზაძე, ნანა ინასარიძე

წინუბანში გოგირდის წყლებთან, ისტორიული წყაროების მიხედვით ჯაყელების ერთ–ერთი სამყოფელი იყო. მოგვიანებით აქ აბანო გაკეთდა და როგორც დასასვენებლად, ასევე სამკურნალოდ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოდიოდნენ. ახლა კი ოთხი ავზიდან მხოლოდ ერთია შემორჩენილი და არც მის რეაბილიტაციას გეგმავენ.

ახალციხეში, სოფელ წინუბანში 11 სხვადასხვა სახეობის მინერალური წყალია. ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი კი სოფლიდან სამი კილომეტრის მოშორებით თერმული წყლის აბანოებია. აქ წლების განმავლობაში სხვადასხვა დაავადებაზე სამკურნალოდ არა მხოლოდ ადგილობრივები დადიოდნენ, თუმცა, უკვე 13 წელია ეს ტერიტორია მიტოვებულია, შენობის ნაწილს სახურავი აღარ აქვს და კედლებიც დაინგრა.

“ბოლოს 1987 წელს მე მქონდა აღბული ეგ აბანოები. ბილეთი იყიდებოდა და ფულს სახელმწიფოს ვაბარებდი. მეურნეობა რომ დაიშალა, მერე ერთ-ერთი ნათესავის ფირმაზე ლიცენზია გავაკეთე და 2005 წლამდე ვმუშაობდი. ლიცენზიის ვადის გასაგრძელებლად რომ ჩავედი თბილისში, უარი მითხრეს. იმის მერე არც აუქციონზე გააქვთ და აღარც ლიცენზიას გასცემენ. უპატრონობით განადგურდა ყველაფერი. ადრე კუპეები მქონდა და ახლა მხოლოდ ერთი ბასეინი დარჩა“, – გვიყვება წინუბანში მცხვორები არსენ გოგოლაური.

მის მეზობლად მცხვორები გოჩა მახათაძის თქმით, წინუბნის აბანოები მესხეთში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილია: “ასეთი აბანო ჩვენ მხარეში სხვა არ არსებობს. მართალია, აბასთუმანშიცაა აბანოები, მაგრამ ეს იმაზე ბევრად უკეთესია“.

ადგილობრივების გადმოცემით, ვიდრე წინუბანში თერმული წყლების აბანოები გაკეთდებოდა, მანამდე თბილი წყალი მდინარის მარჯვენა მხარეს ამოდიოდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ვარაუდობნდნენ, რომ ამ ხეობაში შეიძლება ნავთობი ყოფილიყო, ამიტომ ტერიტორია დაბურღეს და ნავთობი ვერა, მაგრამ გოგირდიანი, მუდმივად ერთი ტემპერატურის მქონე წყალი კი აღმოაჩინეს. ამის გამო მაშინდელ მთავრობას აქ აბანოების მოწყობა მოუხდა. თუმცა, წინუბნის გოგირდიანი წყალი, ისტორიული წყაროების მიხედვით, მესხეთში ცნობილი ჯერ კიდევ აბანოების აშენებამდე იყო.

“მესხური სოფელი წინუბანი ჯაყელების ერთ-ერთი სამყოფელი იყო ზარზმასთან, საფარასთან და სხვა ადგილებთან ერთად. ამიტომ არაერთ ისტორიულ წყაროშია მოხსენიებული ეს წყლები, რადგან უნიკალურია თავისი სამკურნალო თვისებებით“, – გვიყვება ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელძღვანელი და ისტორიკოსი ცირა მესხიშვილი, რომელმაც ბავშვობა წინუბანში გაატარა.

მისი თქმით, აქ ხშირად მოდიოდნენ შუა აზიაში გასახლებული მუსლიმი მესხები: “ხალხი ბრძენია, ამხელა გზაზე ტყუილად არ ჩამოვიდოდნენ. ახლა, რომ ეს აბანოები გაკეთდეს სოფლისთვის არაჩვეულებრივი იქნება, შემოვლენ ტურისტები, დასაქმდებიან ადგილობრივები“.

აბანოების აღდგენა რომ სოფელში ტურისტებს მიიზიდავს, ამაზე წინუბნელებიც საუბრობენ.

“ერთი პერიოდი აბანოებამდე მისასვლელი გზის აღდგენაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ არ გაკეთებულა. აქ რომ გზა გაკეთდეს და აბანოებიც მოეწყოს, ბევრი ადამიანი მოვა, მიტოვებულ სოფელში შემოსავლის წყარო გაჩნდება“, – ამბობს მარიამ ზაზაშვილი.

“საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის“ ხელმძღვანელის ნუგზარ თათეშვილის თქმით, თუ სოფელში ინფრასტრუქტურა მოეწყობა, წინუბანი ახალგაზრდებისგან აღარ დაიცლება: “კარგი იქნება მაგ აბანოებს თუ გააკეთბენ. ასე ეს ადგილი მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვისაც და იქ მცხოვრებლებისთვისაც. ეს მეტ–ნაკლებად შემაცირებს სოფლის დაცლას“.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ წელს წინუბნის აბანოებამდე მისასვლელი გრუნტის გზა მოსწორდა, მომავალ წელს კი წინუბანი-გურკელის გზაზე ასფალტი დაიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ობიექტამდე მისასვლელი მონაკვეთის ნაწილი მოწესრიგდება. წინუბნის აბანოების რეაბილიტაცია კი მერიის ინფორმაციით არ იგეგმება. ობიექტი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ამიტომ ვერც იჯარით გასცემენ მას.

“ცხადია, წინუბნის აბანოების განკარგვა სახელმწიფოს უფლებაა. მას ამის პრივატიზება შეუძლია, თუმცა ჯერ უნდა შეაფასოს, რა საჯარო სარგებელს მიიღებს აქედან“, – გვითხრა „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ იურისტმა გიგი ჩიხლაძემ.

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივაში“ გვიხსნიან, რომ მიწისქვეშა მინერალური წყლები „წიაღის შესახებ კანონის“ მიხედვით ლიცენზიით გაიცემა: „გააჩნია წინუბნის აბანოების კომპლექსს როგორ განიხილავს სახელმწიფო. შესაძლოა მან გაყიდვაზეც იმსჯელოს“, – ამბობს „მწვანე ალტერნატივას“ პოლიტიკის ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ დაინტერესება იქნება კერძო სექტორის მხრიდან აბანოების იჯარით გაცემაზე, ან პრივატიზებაზე, განიხილავენ: “რაც შეეხება ადგილზე სანიტარულ პრობლემებს ეს შეიძლება მუნიციპალიტეტის მხრიდან მოგვარდეს. ამისთვის წერილობით მოგვმართავენ და განვიხილავთ“.

სოფელში ფიქრობენ, რომ “წყლებს პატრონი აუცილებლად გამოუჩნდება“, რადგან ხეობაში გარდა ცნობილი აბანოებისა, სხვა უნიკალური თვისებების მქონე წყარობიც ამოდის და ამის უყურადღებოდ დატოვება შეუძლებელია.

“ჩვენ ხეობაში ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ აქ 11 სახეობის უნიკალირი წყალია. სანამ ხეობის ბოლომდე ახვალთ ხუთი სამკურნალო წყარო მოდის, აქედან ექვსი თბილია. ერთ-ერთ თბილ წყაროს “თავის ტკივილის აბანოს“ ეძახიან და იქიდან ჩამოტანილ წყალს ბევრისთვის შვება მოუგვრია“, – ამბობს წინუბნის სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნინო მახათაძე.