სახალხო დღესასწაული “შოთაობა 2018”-სათვის ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ მიიღო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისათვის, ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 10 სექტემბერს ამოიწურა, შეთავაზება არცერთმა კომპანიამ გააკეთა.
“თუ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მოგვცა უფლება გამარტივებულად შევისყიდით. თუ არა და არ ვიცი რა მოხდება ჩატარდება თუ არა ღონისძიება“, -განმარტავს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი გოდერძი ლაზარაშვილი.
მიუხედავად ჩაშლილი ტენდერისა, ასპინძის მერი, როსტომ მაგრაქველიძე ამბობს, რომ ღონისძიება ტრადიციულად ყოველ წელს ტარდება და გამონაკლისი არც წელს იქნება.
“შოთაობის დღესასწაული რა თქმა უნდა ჩატარდება. დღესასწაული 1966 წლიდან ტარდება, მაშინ არც ტენდერები იყო და არც შესყიდვების სააგენტო, მაგრამ ტარდებოდა და ახლაც ჩატარდება”.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დღესასწაული “შოთაობა 2018” ვარძიის ისტორიული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე 29 სექტემბერს იყო დაგეგმილი. მისი ორგანიზებისთვის ასპინძის თვითმართველობამ ტენდერი 31 აგვისტოს 15 650 ლარზე გამოაცხადა.