ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ იმერეთის რეგიონში 17 საგანმანათლებლო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უტარდება. რეგიონის მასშტაბით სამუშაოებისთვის 10 მილიონ დოლარზე მეტია გამოყოფილი და საერთო ჯამში 50, 500 კვადრატული მეტრის რეაბილიტაცია განხორციელდება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონში, თერჯოლასა და ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა.
“პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება ფასადი, თავიდან შეიღებება კედლები, შეიცვლება სანტექნიკა, დაიგება ახალი იატაკი, შეიცვლება კარ-ფანჯრები, დამონტაჟდება გათბობის ახალი სისტემა, მოეწყობა ლაბორატორიები, სააქტო და სპორტ დარბაზები.
საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაახლოებით 1 000-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
გეგმის მიხედვით საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სასწავლო პირობები 10 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდება.