სასამართლომ ახალციხის მერიის 3 თანამშრომელს სამსახურეობრივი გულგრილობისთვის ჯარიმა დააკისრა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის მერიის თანამშრომლებმა მიხეილ ვარდიძემ, ემზარ მღებრიშვილმა და ბესიკ მიქელაძემ ბრალი აღიარეს და ყველა მტკიცებულება უდაოდ სცნეს. სასამართლომ სამივე მათგანი დამნაშავედ ცნო და ჯარიმა 3 000–3 000 ლარი დააკისრა.
პროექტი, რის გამოც მერიის თანამშრომლები გაასამართლეს, 2015 წელს ახალციხის სამ სოფელში ჭვინთაში, ტატანისსა და კლდეში, სასმელი წყლის მილების სარეაბილიტაციო პროექტს ეხებოდა.
საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული პროექტის ჩაბარებისას, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა მიხეილ ვარდიძემ, ემზარ მღებრიშვილმა და ბესარიონ მიქელაძემ სამსახურეობრივი მოვალეობები არასათანადოდ შეასრულეს, შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, გამოიყენა უფრო დაბალი ხარისხის მასალა, რამაც საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განაპირობა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებული ტენდერი შპს „ნიუ პროჯექტმა“ 86 500 ლარად მოიგო.
მაშინ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ემზარ მღებრიშვილს ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მშენებლობის განყოფილების უფროსის პოზიცია ეკავა, მიხეილ ვარდიძე ამავე სამსახურში აღმშენინსპექციის და ზედამხედველობის განყოფილების უფროსი იყო, ბესარიონ მიქელაძე კი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
გამოძიება მღებრიშვილი, მიქელაძისა და ვარდიძის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.