გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა

831

წინა სტატია

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. პოსტიდან გადადგომის შესახებ მან facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

“ჩემო მეგობრებო,მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა! ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი, წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე!! მინდა, მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს, თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში!!” – წერს სოციალურ ქსელში ჭანუყვაძე.

ჭანუყვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 26 ივლისს გავრცელდა, როდესაც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ხუთი რეგიონის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მაშინ ითქვა, რომ განცხადება გურიის გუბერნატორმაც დაწერა, თუმცა, პრემიერმა ის არ დააკმაყოფილა. 26 ივლისს თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

თანამდებობები შეინარჩუნეს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ. რაც შეეხება იმერეთს, ამ რეგიონს გუბერნატორი მას შემდეგ არ ჰყავს, რაც ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული გივი ჭიჭინაძე შუალედურ არჩევნებზე საქართველოს პარლამენტის ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

როგორც ცნობილია, დღეს პრემიერ-მინისტრი ახალ გუბერნატორებს წარადგენს, მათ შორის, დღეს გადამდგარი მერაბ ჭანუყვაძის შემცვლელსაც.