ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლს დადგამენ

1611

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლს დადგამენ. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიიღო. უახლოეს მომავალში კი მიწის გამოყოფის შესახებ განკარგულება გამოიცემა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ძეგლის დადგმის მოთხოვნით “ქართულმა მარშმა” ბათუმის მერიას ხუთი თვის წინ მიმართა.

ცნობილია, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი ტბელ აბუსერიძისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულში დაიდგმება.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის განცხადებით, პროექტი მომზადდება და მიწის გამოყოფის შესახებ განკარგულება, სავარაუდოდ, აგვისტოში დამტკიცდება. პროცედურების თანახმად გადაეგზავნება ბათუმის მერიას, თვითმმართველობა კი პროექტის ესკიზზე კონკურსს გამოაცხადებს.

სულიკო თებიძე ვარაუდობს, რომ თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გაწერილი, ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლიც, სწორედ 2019 წელს დაიდგმება.

”ქართული მარში” ბათუმის საკრებულოს განცხადებას ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა. ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან. მარშის წევრებმა, რამდენიმე დღის წინ თქვეს, რომ მერია დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმას არ აპირებდა.