ოპოზიცია: პარტიულ აქტივისტებზე ქუთაისის ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება

906

“ლეიბორისტული პარტია” ქუთაისის მერიის ა(ა)იპ-ებში ადმინისტრაციის სახელფასო ფონდისთვის გაზრდილ ხარჯებს აპროტესტებს. პარტიის წევრის, ირაკლი კიკვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ ა(ა)იპ დაწესებულებების რაოდენობა შეამცირა, ერთ მილიონ ლარზე მეტით გაზარდა სახელფასო ხარჯები. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

თუ 2017 წელს ადმინისტრაციის სახელფასო ფონდი 6 096 080 ლარი იყო, 2018 წელს მისმა რაოდენობამ 7 133 850 ლარი შეადგინა.

ირაკლი კიკვაძე ამბობს, რომ მერია ხელფასს მხოლოდ “ქართული ოცნების” პარტიულ აქტივისტებს უზრდის და მათ მაღალ თანამდებობებზე ნიშნავს. დაბალი რანგის თანამშრომლების კი, რომლებსც გაცილებით მეტი სამუშაო აქვთ, ხელფასის იგივე რაოდენობა რჩებათ.

“1500 ლარიდან 2000 ლარამდე გაეზარდა ხელფასი სპორტულ დაწესებულებათა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს, კობა ფხაკაძეს, რომელიც არის ქალაქის მერთან, გიორგი ჭიღავრიასთან დაახლოებული პირი.  ასევე, მისი უალხოესი გარემოცვიდანაა ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, დავით წიტაიშვილი, რომელსაც ასევე მოუმატა ხელფასი. მერია ანაზღაურებას უზრდის მხოლოდ მის აქტივისტებს. ეს არის ბიუჯეტის ქურდობის კლასიკური მაგალითი. მილიონები იხარჯება პარტიულ აქტივისტებზე ქალაქის ბიუჯეტიდან,”-ამბობს ირაკლი კიკვაძე.

მისივე თქმით, სპეციალურად მერთან დაახლოებული პირებისთვის ა(ა)იპ-ებში ახალი განყოფილებები იქმნება, ამატებენ კოორდინატორებს და მონიტორინგის სამსახურებს.

მერთან ახლო ურთიერთობას არ უარყოფს ა(ა)იპ ბაგა-ბაღების ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი, თუმცა ამბობს, რომ ხელფასი მეგობრობის ნიშნით არ გაზრდია.

“მეგობრობა აქ არაფერ შუაშია, ქალაქის მერმა ეს გააკეთა არა მეგობრობის გამო, არამედ, ჩვენი შრომა დააფასა. ჩვენ ვაკეთებთ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს და ეს არის კოლოსალური შრომა”, – ამბობს დავით წიტაიშვილი, რომელიც ბოლო სამი თევა 400 ლარით გაზრდილ ხელფასს იღებს. მისი ანაზღაურება 2000 ლარს შეადგენს.

ხელფასის მომატებს შესახებ ინფორმაციას არასწორს უწოდებს სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, კობა ფხაკაძე და ამბობს, რომ საკითხზე დამატებით განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.

ა(ა)იპდაწესებულებებში სახელფასო ხარჯების ზრდასთან დაკავშირებით,  ოპოზიციის ბრალდებებს,  ქუთაისის მერიაში არ პასუხობენ.

ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში, რეორგანიზაციის შედეგად 15-დან 11 ა(ა)იპ დარჩა.