“სითი ინსტიტუტ საქართველო”: ერთადერთი საკითხი, რაზეც საკრებულომ შეიძლება იმსჯელოს, გენგეგმის განხორციელების ეტაპებია

1230

წინა სტატია

„სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ერთადერთი საკითხი, რაზეც საკრებულომ შეიძლება იმსჯელოს, გენგეგმის განხორციელების ეტაპებია. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„მსჯელობა შეიძლება იმაზე, რაღაც ეტაპი ცოტა ადრე ან ცოტა გვიან ხომ არ უნდა შესრულდეს, რადგან ეს თანხებთან არის დაკავშირებული. ზოგი პროექტი სასურველია განხორციელდეს, მაგრამ ძალიან ძვირია. ქალაქმშენებლობითი პროექტების პირველივე ეტაპზე მოსახლეობამ შედეგი უნდა დაინახოს. ამ თვალსაზრისითაც არის შესაფასებელი პროექტების ფასი და განხორციელების შესაძლებლობა“, – განაცხადა ბოლქვაძემ.

რაც შეეხება განსხვავებებს, რომელიც განახლებულ გენერალურ გეგმას ძველი ვარიანტისგან უპირატესს ხდის, ბოლქვაძის განმარტებით, ეს არის გეოდინამიკური საფრთხეების შემცველ ტერიტორიებზე მშენებლობების შეზღუდვები. მისივე თქმით, დაუშვებელია მშენებლობები მდინარეების კალაპოტებში და და ტბების მიმდებარე ტერიტორიაზე.

რაც შეეხება „პანორამა თბილისს“, რომელიც ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონაშია მოქცეული, როგორც გენგეგმის ერთ-ერთმა ავტორმა აღნიშნა, მის მშენებლობას არაფერი ემუქრება. ბოლქვაძის განმარტებით, ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონაში „პანორამა თბილისის“ გარდა სოფლებიც მოხვდა.

თბილისის საკრებულოში გაერთიანებული კომისიების სხდომა, რომელზეც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას განიხილავენ,  ხმაურით დაიწყო. ოპოზიცია და უმრავლესობა გენგეგმის რიგ საკითხებთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან. 

თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს 4 ივლისს გადაუგზავნა. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე კი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

ამასთან, 5 ივლისს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშობა ოფიციალურად დაიწყო.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.