კალაძე: თბილისის გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება

851

თბილისის მერმა კახა კალაძემ  თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. კალაძის თქმით, თბილისის გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა და მერია გენგეგმას საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.

“დღეს მნიშვნელოვანი დღეა თბილისის მერიისთვის და თბილისისთვის. ხანგრძლივი დისკუსიის, პროფესიული განხილვებისა და მრავალი ადამიანის დაუღალავი მუშაობის შედეგად დასრულდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა და “სითი ინსტიტუტმა” დაასრულეს ძირითადი სამუშაო პროცესი და დოკუმენტი მზად არის შემდგომი განხილვებისთვის საკრებულოში გადასაგზავნად. რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ენერგიას არ იშურებდა ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დასრულებისთვის.

დოკუმენტის უმთავრესი ხაზი მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქის კონცეფცია თავიდანვე დადებითად იყო შეფასებული დედაქალაქის მერიის მხრიდან და შესაბამისად, ცხადია, სრულად იქნა გაზიარებული. მოგეხსენებათ თბილისის მუნიციპალიტეტისა და პროფესიული წრეების წარმომადგენელთა დიდი ნაწილის პოზიცია კონცეფციასთან მიმართებაში ყოველთვის იყო დადებითი, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყო გამყარებული, სრულყოფილი და აღსრულებადი დოკუმენტი.

ერთობლივი მუშაობით, საერთო ძალისხმევით, “სითი ინსტიტუტის”, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და პროფესიული წრეების ჩართულობით ყველა ის ხარვეზი მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და აღმოფხვრილი, რაც გენგეგმაში თავდაპირველად იყო. დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები, დაიხვეწა რუკა, შეიქმნა თემატური რუკები, რომლებშიც აისახა შიდასაუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები, დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალურად გათვალისწინებით”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.