თბილისის საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე გენგეგმას ხმაურის ფონზე განიხილავენ

774

თბილისის საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომა ხმაურით დაიწყო. სხდომის დაწყებისთანავე, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციური ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ოპოზიციამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, თითქოს, გენგეგმის დოკუმენტის მიღების შემდეგ, დედაქალაქში ცხოვრება გაძვირდება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“ჩვენმა კოლეგებმა ან შეგნებულად მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, ან იცრუეს, რომ გენერალური გეგმის მიღების შედეგად თბილისში ცხოვრება გაძვირდება, რადგან წყლის და გაზის ფასი მოიმატებს. ყველანი მომსწრე ვართ დემაგოგიური განცხადებების, მაგრამ ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება და ყოვლად გაუგებარი თემა იყო. ტელევიზია საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს, რადგან არაფრისგან თემის შექმნა, უხერხულია. ამ თემასთან დაკავშირებით გენგეგმაში რა ჩანაწერიც არსებობს, ეს ჩანაწერი 2009 წლის გენგეგმაშიც არსებობდა. გენგეგმა იძლევა რეკომენდაციას, რომ ყველა რესურსი წყლის და გაზის დაზოგვისკენ იყოს მიმართული”,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

რევაზ სოხაძეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ უპასუხა: “გენგეგმა იძლევა რეკომენდაციას, რომ როცა ხელისუფლებაში მოვედით, არც წყალი იყო, არც გაზი, დენი გრაფიკით მიეწოდებოდა ქალაქს. ეს ჩანაწერი იყო იმიტომ, რომ როგორღაც თბილისს ეს შეზღუდვები თავიდან აეცილებინა. იმ შემთხვევაში, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა გაქვთ პარლამენტში, ჩვენთვის ამ ჩანაწერის დატოვება მიუღებელია იმიტომ, რომ ეს შეიძლება გამოიყენოთ საფუძვლად, რომ საწარმოებს დაუწესოთ წყალზე და გაზზე ლიმიტები. თუ დღეს ეს საჭიროება აღარ არსებობს, ეს ჩანაწერი ამოვიღოთ”,- განაცხადა ნადირაძემ, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.

ოპოზიციის განცხადებით, დედაქალაქის გენერალური გეგმის რეკომენდაციების მიხედვით, საწარმოებს წყლისა და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე ლიმიტი დაუწესდებათ, თუ დაწესებულ ლიმიტს გადაცდებიან, საჯარიმო ტარიფის გადახდა მოუწევთ. გაზრდილი გადასახადები კი, ოპოზიციის მოსაზრებით, საწარმოების მიერ წარმოებულ პროდუქციის ფასებზე აისახება.

ოპოზიციის თქმით, აღნიშნული ცვლილება მერიას საშუალებას აძლევს, ბიზნესი შეავიწროვოს და უფრო მეტი თანხის გადახდა აიძულოს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს 4 ივლისს გადაუგზავნა. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე კი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

ამასთან, 5 ივლისს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშობა ოფიციალურად დაიწყო.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.