ნიკა ვაჩეიშვილი: გენგეგმის დოკუმენტში ბევრი ხარვეზი, გაურკვევლობა და ერთმანეთის გამომრიცხავი მიდგომაა

1019

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა ვაჩეიშვილი მიიჩნევს, რომ გენგეგმის დოკუმენტში ბევრი ხარვეზი, გაურკვევლობა და ერთმანეთის გამომრიცხავი მიდგომაა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“გენგეგმის იმ მასალაში, რომელიც უნდა იყოს საყრდენი და ოპერირებადი, ყურადღებით დათვალიერების შემდგომ არის ბევრი ხარვეზი, გაურკვევლობა ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი მიდგომა და ინფორმაცია. ეს იქნება კოლაფსი რიგ შემთხვევაში პრინციპული გადაწყვეტილებებისთვის. ვიდრე ეს შეცდომები არ გამოსწორდება, მანამდე აზრი არ აქვს ასეთი გენგეგმის მიღებას. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ უფლებრივი ზონირების რუკებში განაშენიანების ნებადართულობა და შეიძლება ზონალურ რუკებში ვნახოთ განაშენიანების აკრძალვა, რომელი იქნება უპირატესი, ამას ვერავინ ვერ გაიგებს და შესაბამისად, სულ იქნება დავა და სულ მივა სუბიექტურ გადაწყვეტილებამდე საქმე და იქნება ქაოსი. ასეთი ორმაგობა არ უნდა არსებობდეს დოკუმენტში”,- განაცხადა ვაჩეიშვილმა.

თბილისის საკრებულოში გაერთიანებული კომისიების სხდომა, რომელზეც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას განიხილავენ,  ხმაურით დაიწყო. ოპოზიცია და უმრავლესობა გენგეგმის რიგ საკითხებთან დაკავშირებით ვერ თანხმდება.

თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს 4 ივლისს გადაუგზავნა. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე კი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

ამასთან, 5 ივლისს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშობა ოფიციალურად დაიწყო.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.