დედაქალაქში ქაოტური განაშენიანება შეჩერდება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
როგორც მაია ბითაძემ განმარტა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორებთან და სპეციალისტებთან ერთად, ამ მიმართულებით 11 პრობლემური ადგილი გამოვლინდა.
„აუცილებლად შეჩერდება ქაოტური განაშენიანება, თუმცა ამაში არ იგულისხმება ის, რომ შევაჩერებთ მთლიან ბიზნესპროცესებს. რა თქმა უნდა, ადამიანებს საქმიანობას არ შევუზღუდავთ. მშენებლობები განვითარდება ჩარჩო გეგმის კონცეფციის ფარგლებში. შერჩეული იქნა 11 ლოკაცია, რომელიც არის სენსიტიური ამ მიმართულებით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მან ქაოტური განაშენიანების მაგალითად დიღომი, ასევე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასახელა.
„მაგალითისთვის ავიღოთ დიღომი, ვერავინ გაიგო იქ მაღალი კორპუსები უნდა იყოს თუ დაბალი. მსგავსი ვითარება გვაქვს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ამ ლოკაციებში შედის ლისი, ე.წ. დიღმის ჭალების და სხვა ტერიტორიები“ , – განაცხადა ბითაძემ.
ამათან, ბითაძის თქმით თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ვერეს ხეობასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა.
მისი განმარტებით, ვერეს ხეობაში ორი ფენაა, მათ შორის ერთი რეკრეაციული ზონაა და ამ ტერიტორიის ნაწილზე ეკოსისტემების შენარჩუნების მიზნით ლანდშაპტური განაშენიანება უნდა მოხდეს.
„გენგეგმაში არსებული ჩანაწერის მეორე ნაწილი ჰიდროლოგიური დატბორვის არეალებს უკავშირდება, კეთდება ცხაური თამარაშვილის მეორე მხარეს, სადაც ვერეს ხეობა თბილისის განაშენიანებულ ტერიტორიას უერთდება. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ოკეანის ქვეშ აკეთებენ გვირაბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორი საინჟინრო გეოლოგიური გადაწყვეტები ყოველთვის არსებობს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მისი თქმით, თითოეული ტერიტორია სწორი საინჟინრო გადაწყვეტილებით უნდა განაშენიანდეს.
ამასთან, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.
კალაძის თქმით, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიის წარმომადგენლებთან ერთად სექტემბრის ბოლომდე იმუშავებენ: “1-ელ ოქტომბრამდე მიღებული იქნება შესაბამისი რეგულაციები, რაც ამ გეგმას შეესაბამება. ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ 1-ელი იანვრიდან, ახალი გენერალური გეგმა ამოქმედდება”, – თქვა კალაძემ თბილისის მერიაში გენგეგმის შესახებ გამართულ ბრიფინგზე.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. როგორც დღეს ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, თბილისს მუნიციპალიტეტმა და „სითი ინსტიტუტმა“ დაასრულეს ძირითადი სამუშაო პროცესი და დოკუმენტი შემდგომი განხილვებისთვის საკრებულოში გადასაგზავნად მზად არის.