არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკური“ მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვას იწყებს. მიუსაფარი ცხოველების მონაცემების შეკრებას ორგანიზაცია მოხალისეების დახმარებით გეგმავს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
იურისტმა ჯილდა ჟვანიამ მოხალისეებს აღრიცხვის ჩასატარებლად აპრობირებული მეთოდოლოგია გააცნო.
“მიუსაფარი ძალღების პრობლემა ჩვენი ქალაქისთვის ძალიან აქტუალურია, არ არსებობს არანაირი ოფიციალური მონაცემი, თუ რამდენი მიუსაფარი ცხოველი გვყავს ქუჩაში. ვეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პრობლემის მოგვარებაში, გვჭირდება ადამიანური რესურსი, გვეხმარებიან ჩვენი მოხალისეები, ერთად ვგეგმავთ დათვლის პროცედურას“, – განაცხადა ჯილდა ჟვანიამ.
მოხალისეების მიერ შეკრებილ მონაცემებს ორგანიზაცია ზუგდიდის მერიას წარუდგენს.
ძაღლების მონიტორინგის მოხალისეობრივ პროექტში ზუგდიდის მაჟორიტარი დეოპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროც ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ მერაბ ქვარაიას ინიციატივით, აღნიშნულ საკითხზე ზუგდიდის მერიაში ორ ივლისს გამართულ შეხვედრაზეც იმსჯელეს, სადაც ერთხმად აღინიშნა, რომ მათ თანხა თავშესაფრის ასაშენებლად არ აქვთ.
ამასთან, პრობლემის გადაწყვეტის მოთხოვნით მოქალაქეებმა ზუგდიდში საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გამართეს.