მაია ბითაძე: გენგეგმაში ხარვეზების გასასწორებლად დროს 2018 წლის ბოლომდე ვიტოვებთ

852

წინა სტატია

2018 წლის ბოლომდე ვიტოვებთ დროს, რომ ჩასწორდეს ის ხარვეზები, რაც გენგეგმის დოკუმენტში იდენტიფიცირდება, -ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ბითაძემ აღნიშნა, ოპოზიციის შენიშვნები აბსტრაქტულია. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“ის შენიშვნები, რაც ოპოზიციას ჰქონდა, იყო ძალიან აბსტრაქტული და სასაცილოც კი. გენერალური გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც ერთნაირად უნდა აწუხებდეს როგორც ოპოზიციას, ასევე პოზიციას და ტურისტსაც. ეს ქალაქი უნდა იყოს კომფორტული ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც აქ ცხოვრობს. მუნიციპალიტეტმა “სითი ინსტიტუტთან” ერთად ძალიან ბევრი იშრომა ამ გენგეგმაზე და მიმდინარე წლის ბოლომდე დროს ვიტოვებთ, რომ ყველა ის ხარვეზი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში იდენტიფიცირდება, ზუსტად იქნას ასახული როგორც ზონალურ, ასევე ტექსტუალურ ნაწილში”,- განაცხადა ბითაძემ.

თბილისის საკრებულოში გაერთიანებული კომისიების სხდომა, რომელზეც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას განიხილავენ,  ხმაურით დაიწყო. ოპოზიცია და უმრავლესობა გენგეგმის რიგ საკითხებთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან. 

თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს 4 ივლისს გადაუგზავნა. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე კი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

ამასთან, 5 ივლისს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშობა ოფიციალურად დაიწყო.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.