ვერაზე, რჩეულიშვილის ქუჩის IV და VI კორპუსების მიმდებარედ, ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
გამგეობის ცნობით, არსებული სკვერები ახლებურად დააგეგმარეს და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა მოაწესრიგეს. დასასვენებელ სივრცეებში კი, ბაზალტის ქვის ბილიკები, ლითონის ღობე და სათამაშო ზონები მოაწყეს, ამასთან, დამონტაჟეს გარეგანათების ქსელი და ჩაატარეს გამწვანების სამუშაოები.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 82 298 ლარი დაიხარჯა.
“ვანდალიზმის არა ერთი ფაქტი დაფიქსირდა დედაქალაქის მასშტაბით და ჩვენი თხოვნა იქნება, გავუფრთხილდეთ იმას, რასაც თბილისის მერია აკეთებს სკვერებსა თუ ქუჩებში. ძალიან გთხოვთ, ნუ გავანადგურებთ და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ არსებული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
გამგებლის თქმით, მთაწმინდის რაიონი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული უბანია განაშენიანების კუთხით, ამიტომ მოსახლეობისთვის კომფორტული და კეთილმოწყობილი მწვანე სივრცეების შექმნა გამგეობისთვის პრიორიტეტულია.
“შესაბამისად, ჩვენ, გამგეობას დაქვემდებარებული რეკრეაციულიული ზონების ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებას და თანამედროვე სტანდარტებით მოწყობას ვგეგმავთ“, – აღნიშნა მან.