აჭარის მთავრობის შემადგენლობის საკითხს გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ

606

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვება, აჭარის მთავრობის შემადგენლობის საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი არვცელებს.

საკანონმდებლო ორგანოს წევრები მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ. სხდომას ესწრებიან აჭარის მთავრობის წევრობის კანდიდატები – ინგა შამილიშვილი, ზაალ მიქელაძე, ტიტე აროშიძე და ჯაბა ფუტკარაძე.

„ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება იქნება ჩვენი მთავარი ორიენტირი, იმედი მაქვს, ჩვენი გუნდი ღირსეულად გაართმევს თავს რეგიონში არსებულ გამოწვევებს და გაამართლებს მოსახლეობის ნდობას, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მან კანონმდებლებთან აჭარის განვითარების საკუთარ ხედვებზე ისაუბრა და აქცენტი რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელ რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე გააკეთა: ტურიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობა, განათლება, ბუნებრივი რესურსების მართვა და მწვანე ინდუსტრიები. თანმიმდევრული, თუმცა მყისიერი სიახლეები და ცვლილებები, პირველ ეტაპზე მოკლევადიან შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება და ამავე დროს პროცესების გრძელვადიან ჭრილში მართვა, ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თავმჯდომარეობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში აჭარაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ჯანდაცვაზე და სოციალურ პოლიტიკაზე, განათლების სფეროს გაძლიერებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

ასევე,  მომხსენებელმა სხვადასხვა ინოვაციური პროგრამების განხორციელებაზე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაზე, ღია მართველობის პრინციპებსა და მართვის ეფექტიანობის ზრდაზე გააკეთა აქცენტი.

„მაღალი კომპეტენციის ფარგლებში, გუნდური მუშაობის პრინციპის დაცვით შევქმნით: ადამიანზე ორიენტირებულ ღია მმართველობას, სადაც დაცული იქნება ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, შევქმნით ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების პირობებს, ჩვენი უმთავრესი პრინციპი რეგიონის განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ბიზნეს იდეის მხარდაჭერა და მეორეს მხრივ ამ სფეროში სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე პრიციპების კიდევ უფრო ეფექტურად გატარება იქნება, რეგიონის პოტენციის სრული გამოყენებით და ტურიზმის გამრავალფეროვნებით აჭარა წელიწადის ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველი გახდება, მაღალმთიანი აჭარა, სოფლის განვითარების ხელშეწყობა იქნება მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი. მთას აქვს განვითარების დიდი რესურსი და ჩვენ უზრუნველვყოფთ მის ეფექტურ ათვისებას, ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობით ჩვენ შევქმნით ნიჭსა და შრომაზე დაფუძნებულ საზოგადოებას, სადაც ნიჭიერ ახალგაზრდებს რეალიზების საშუალება მიეცემათ. მოხდება მათი ინოვაციური იდეების, ენერგიის კონსოლიდაცია რეგიონის და ქვეყნის საკეთილდღეოდ, ერთობლივი მუშაობის შედეგად, აჭარა კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აღსანიშნავია, რომ სხდომა ამ წუთებში კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველი პარტიის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. აღნიშნული ფაქტი აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის თორნიკე რიჟვაძის მოსმენის დაწყებამდე მოხდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა. ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 ივლისს აირჩიეს.