აჭარის მთვარობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე თავის პროგრამას და გუნდს უმაღლესი საბჭოს წევრებს აცნობს. თორნიკე რიჟვაძეს და მის მინისტრთა კაბინეტის წევრებს უმაღლესი საბჭოს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ. მინისტრობის კანდიდატები დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებენ. როგორც ცნობილია, რიჟვაძე მხოლოდ ეკონომიკისა და სოფლის მეორნეობის მინისტრებს ცვლის. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები კი თანამდებობებს ინარჩუნებენ. ოპოზიცია რიჟვაძის გუნდს მხარს არ დაუჭერს. დამტკიცებისთვის თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის მეთაურობისთვის უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან 11-ის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ კი 14 მანდატი აქვს.
შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველი პარტიის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. აღნიშნული ფაქტი აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის თორნიკე რიჟვაძის მოსმენის დაწყებამდე მოხდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წევრები მმართველი გუნდისგან განმარტებას ითხოვდნენ იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც მინისტრთა კაბინეტის წევრების წარდგენას შეეხება. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრების წარდგენაზე საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერა უნდა ყოფილიყო.
ოპოზიციის განცხადებით, წარდგენილი დოკუმენტი განხილვისთვის საკმარისი არ იყო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა. ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 ივლისს აირჩიეს.