ზუგდიდმა ეპარქიას დაფინანსება გაუნახევრა, ჩხოროწყუმ კი შეუწყვიტა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
საკათედრო ტაძრის და კორცხელის მონასტრის მშენებლობისთვის გამოყოფილი 494 ათასი ლარის ნაცვლად, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ადგილობრივი ხელისუფლება 200 ათასს გამოუყოფს.
დაფინანსების შემცირების მიზეზს ხელისუფლება იმით ხსნის, რომ ეპარქია თანხას ვერ ითვისებს და არც ხარჯთაღიცხვა აქვს.
თითქოს ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს დადგენილ ვადებში ეპარქია ვერ ითვისებს, არ შეესაბამება სიმართლეს, – აცხადებენ ეპარქიაში.
„ჩვენთვის ადგილობრივი ხელისუფლებიდან ოფიციალური წერილით ხარჯთაღრიცხვის წარდგენის შესახებ არავის არ მოუმართავს. მიმდინარე 2018 წლის განმავლობაში ერთი თეთრიც არ არის ჩარიცხული ეპარქიის ანგარიშზე“, – ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.
მერიაში კი აცხადებენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეპარქიის ანგარიშზე უკვე გადარიცხულია 20 000 ლარი.
ზუგდიდისაგან განსხვავებით, ჩხოროწყუსა და სენაკის ეპარქიისთვის დაფინანსების შეწყვეტა არავის გაუპროტესტებია.
„ღმერთმა მოგვცეს იმის საშუალება, რომ ეკლესია-მონასტრების მშენებლობა დავაფინანსოთ. გასულ წელს ამისთვის 50 ათასი ლარი გამოვყავით, მაგრამ წელს არ გვაქვს ამის შესაძლებლობა. აქ შენდება დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომელსაც დიდი თანხა სჭირდება, მაგრამ ვინაიდან არ გვაქვს ბიუჯეტში საამისო ფული, წელს ამ მშენებლობას ვერ ვაფინანსებთ. ეკლესიების დასახმარებლად, მერიის თანამშრომლები ვისაც რამდენი შეგვიძლია იმას ვიღებთ ჩვენი ჯიბიდან, რაც ჯამში, თვიურად 1000 ლარი გამოდის“, – ამბობს ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა.
სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებში ეპარქიების დაფინანსების შემცირებისა და ზრდის დინამიკა არ შეინიშნება.
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან ეპარქიებისთვის გადარიცხული თანხები იხილეთ დიაგრამაზე. აქ არ არის აღნიშნული მარტვილისა და სენაკის მონაცემები, სადაც გვიდასტურებენ, რომ ეკლესიებისთვის თანხები გამოყოფილია, თუმცა დეტალების ზეპირ გასაჯაროვებაზე უარი გვითხრეს.