წალენჯიხაში ტერენტი გრანელის პარკის აღსადგენად 500 ათას ლარამდე დაიხარჯება

999

წალენჯიხაში ტერენტი გრანელის პარკს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ადგილობრივი მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, პარკი სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდება. მათ შორის აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე ღია თეატრის ნაშთებს ჩაუტარდება დემონტაჟი, გამხმარი ხე-მცენარეები მოიჭრება და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ასევე, მოეწყობა ბილიკი, შადრევანი, გარეგანათება, ღობე, სანიაღვრე სისტემა, ატრაქციონი, მინი გოლფის, კალათბურთისა და ჩოგბურთის, ასევე, სატრენაჟორო მოედნები.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 463 ათასი ლარია. აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდმა გამოუყო.

წალენჯიხის მერის, ბესიკ ფარცვანიას თქმით, დაახლოებით ოცი წელია პარკს რეკონსტრუქცია არ ჩატარებია, დღეს კი საკმაოდ მასშტაბურ პროექტს იწყებენ, რომელიც დასასვენებელ ადგილს ბევრად მიმზიდველს გახდის. მერი ამბობს, რომ მათი მიზანი ტერიტორიის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობაა.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება 5 აგვისტოს დაიწყება და 10 აგვისტოს დასრულდება.