,,ალბათ, ვინმე მთვრალი იყო და არასწორად გამოიტანა ამბავი” – ამბობს გორის მერიის კულტურის სააგენტოს უფროსი გიორგი ქვათაძე, რომელთანაც კულტურის ცენტრში 11 ივლისს გამართული თათბირის შესახებ “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა” ისაუბრა. აღნიშნულ თათბირთან დაკავშირებით, არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აგვისტოს თვეში სააგენტოს თანამშრომლებს უფასო შვებულებაში იძულებით უშვებენ:
,,ეს ინფორმაცია არასწორია. გეტყვით, რეალურად რა მოხდა 11 ივლისის თათბირზე. 2018 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულების ვადები ეწურებათ სპეციალისტების გარკვეულ ნაწილს. ძირითადად, დამხმარე სპეციალისტებს. ეს ის კატეგორიაა, რომელთაც ღონისძიებების გამართვა ან მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმართვა ევალებათ. იმის გამო, რომ აგვისტო არის არააქტიური პერიოდი და დამხმარე სპეციალისტები არ გვჭირდება, ისინი გავაფრთხილეთ, რომ ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ, საუბარი განახლდებოდა სექტემბრიდან. თუ დაგვჭირდება დამხმარე სპეციალისტები, რა თქმა უნდა, მათი რესურსი გათვალისწინებული იქნება” – აცხადებს გიორგი ქვათაძე, რომელიც კულტურის ცენტრის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტს დროებით მას შემდეგ ასრულებს, რაც გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგნეტოს” დირექტორმა, მომღერალმა გიორგი ნადიბაიძემ თანამდებობა დატოვა.
ქვათაძე განმარტავს, რომ განყოფილების ხელმძღვანელებს ასეთი ხელშეკრულების მქონე პირების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. კულტურის ცენტრის სააგენტოში სულ ოთხი განყოფილებაა. ესენია: კულტურის, ტურიზმის, მუზეუმისა და საბიბლიოთეკო განყოფილებები.
,,ჩვენს ა(ა)იპ-ში დაახლოებით 478 ადამიანი მუშაობს. აქედან რამდენი ადამიანია, რომელთაც ხელშეკრულების ვადა 1 აგვისტოს უმთავრდებათ, ჯერ არ ვიცით. როდესაც განყოფილების ხელმძღვანელები მოგვაწდვიან ინფორმაციას, ამის შემდეგ გავცემთ პასუხს” – აცხადებს გიორგი ქვათაძე. ჩვენი კითხვა ეხებოდა, თუ რამდენი ადამიანის სახელფასო თანხა დაიზოგებოდა აგვისტოში კულტურის სააგენტოში.
კულტურის სააგენტოს ერთ-ერთი, ამავე, სახელწოდების განყოფილების მენეჯერი დავით წეწვაძე ამბობს, რომ ის 11 ივლისის თათბირს არ დასწრებია და, შესაბამისად, რაზე იყო საუბარი სააგენტოს ხელმძღვანელთან არ იცის. საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა აბრამიძე ამბობს, რომ ასეთი კატეგორიის ადამიანები მათ განყოფილებაში არ მუშაობენ. სამუზეუმო გაერთიანების განყოფილების ხელმძღვანელი თინა სოსანიძე აცხადებს, რომ ინფორმაციის მოწოდება ერთი დღის ვადაში შეუძლია, რა თქმა უნდა, თუ ასეთი შემთხვევა არსებობს. ტურიზმის განყოფილების უფროსის რობერტ მაღლაკელიძის თქმით, საკადრო საკითხები განყოფილებების ხელმძღვანელებს საერთოდ არ ეხებათ და ეს ინფორმაცია თავისთავად სააგენტოში ინახება.
ქვათაძის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ თანამშრომლები შესაძლოა ნასვამები იყვნენ და აზრი არასწორად გამოიტანეს, თანამშრომლები ეხმაურებიან. ერთ-ერთი თანამშრომელი. მიხეილ კოშკაძე მიიჩნევს, რომ ქვათაძის მხრიდან თანამშრომლების ამგვარად მოხსენიება შეურაცხმყოფელია.
“ასე თქვა? თათბირზე ნასვამი არავინ ყოფილა, შიძლება თვითონ ქვათაძე იყო მთვრალი. თანამშრომლები ფხიზელ მდგომარეობაში ვიყავით“, – განმარტა მიხეილ კოშკაძემ.
შეგახსენებთ, რომ გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს თანამშრომლების განცხადებით, მათ აიძულებენ, ერთი თვით უფასო შვებულებაში გავიდნენ. მიზზეზად კი, მათი თქმით, ბიუჯეტის არასწორადა დაგეგმვასა და სახელფასო ფონდში თანხების არ ქონას უსახელებენ. როგორც სააგენტოს თანამშრომლები აცხადებენ, მათთვის საეჭვოა ის ფაქტიც, რომ ფინანსური კრიზისი სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი ნადიბაიძის თანამდებობიდან წასვლას დაემთხვა.
გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგნეტოს” დირექტორმა, მომღერალმა გიორგი ნადიბაიძემ თანამდებობა დატოვა. წასვლის მიზეზად კი იმ სფეროში დაბრუნება დაასახელა, რომელშიც აქამდე მოღვაწეობდა.
სააგენტოს ხელმძღვანელად გიორგი ნადიბაიძე 2018 წლის იანვარში დანიშნეს. მანამდე ის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი იყო.
ამასთან, გიორგი ნადიბაიძე სკანდალში რამდენჯერმე გაეხვა. პირველად მაშინ, როცა ქალაქ გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის საკითხი იხილებოდა – მან თანამშრომლი ლიზა ყაზიშვილი სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლა, რომ ის ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევას აპროტესტებდა. მეორე სკანდალი კი მის სამსახურში არსებულ ორ, სრულიად განსხვავებულ საშტატო ნუსხას უკავშირდებოდა.