“გვაიძულებენ, უფასო შვებულებაში გავიდეთ” – გორის კულტურის სააგენტოში თანხების გაფლანგვას ეჭვობენ

676

რადიო “მოზაიკას” გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები დაუკავშირდნენ.

ისინი ამბობენ, რომ ადმინისტრაცია მათ შრომით უფლებებს არღვევს. ერთ-ერთი, ვინც ამ საკითხზე გამოცემას ესაუბრა, მიხეილ კოშკაძეა.

“თქვენ, ჟურნალისტებმა უნდა გაარკვიოთ, რატომ გვთხოვენ უფასო შვებულებით სარგებლობას და ნამდვილად მიითვისა თუ არა ვინმემ ჩვენი კუთვნილი თანხები. ჯერ შიგნით გავარკვევ, რა ხდება და ამის შემდეგ გადავალ იერიშზე. ვაპირებ მერთან შეხვედრას“,– გვითხრა მიხეილ კოშკაძემ, რომელიც აღნიშნულ სააგენტოში მასწავლებლად მუშაობს.

საკითხის გარკვევა სხვა თანამშრომლებსაც სურთ. მათი ნაწილისთვის ადმინისტრაციის მთხოვნა, ერთი თვე უფასო შვებულებაში გაატარონ, მიუღებელია.

“გვითხრეს, რომ ბიუჯეტი არასწორადაა დაგეგმილი. ეს რას ნიშნავს, ვერ ვიგებ. ერთი ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომის გამო 400 ადამიანი რატომ უნდა დაზარალდეს და რატომ უნდა დავრჩეთ ერთი თვის ხელფასის გარეშე. ნადიბაიძის წასვლაც საეჭვოდ დაემთხვა ამ ყველაფერს“, – განმარტა კოტე წვერავამ.

მათივე ინფორმაციით, სააგნეტოში 11 ივლისს  საგანგებო თათბირი ჩატარდა, სადაც განუმარტეს, რომ სახელფასო ფონდში თანხა აღარ არის და კრიზისული პერიოდი ერთად უნდა დაძლიონ. თანამშრომლების ნაწილში ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ ფინანსური კრიზისი  სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი ნადიბაიძის თანამდებობიდან წასვლას დაემთხვა.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგნეტოს” დირექტორმა, მომღერალმა გიორგი ნადიბაიძემ თანამდებობა დატოვა. წასვლის მიზეზად კი იმ სფეროში დაბრუნება დაასახელა, რომელშიც აქამდე მოღვაწეობდა.

სააგენტოს ხელმძღვანელად გიორგი ნადიბაიძე 2018 წლის იანვარში დანიშნეს. მანამდე ის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი იყო.

ამასთან, გიორგი ნადიბაიძე სკანდალში რამდენჯერმე გაეხვა. პირველად მაშინ, როცა ქალაქ გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის საკითხი იხილებოდა – მან თანამშრომლი ლიზა ყაზიშვილი სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლა, რომ ის ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევას აპროტესტებდა. მეორე სკანდალი კი მის სამსახურში არსებულ ორ, სრულიად განსხვავებულ საშტატო ნუსხას უკავშირდებოდა.