ქალაქ გორში მოქმედი ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრი მორიგ სკანდალში ეხვევა. საქმე ეხება საშტატო ნუსხას, რომელიც ქალაქ გორის მერიამ ცოტა ხნის წინ შეითანხმა და რომელსაც ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და ცენტრის დირექტორი, მომღერალი გიორგი ნადიბაიძე აწერენ ხელს.
droa.ge-მ მოიპოვა 2 დოკუმენტი, რომელიც მერიის დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-ში საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს განსაზღვრავს. ერთი მათგანი, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით, ქალაქის მერიიდან, ხოლო მეორე – თავად ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრიდან არის მიღებული.
დოკუმენტებიდან კარგად ჩანს, რომ საშტატო ნუსხა, ისევე, როგორც სახელფასო ფონდი, მცირედით, მაგრამ მაინც განსხვავებულია.
ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრის მიერ გაცემულ დოკუმენტში საშტატო ერთეულის რაოდენობა 26, ხოლო სახელფასო ფონდი 14 970 ლარია, ხოლო მერიის მიერ გაცემული დოკუმენტით აღნიშნულ ა(ა)იპ-ში 27 საშტატო ერთეული და 15 180 ლარის ოდენობის სახელფასო ფონდია დამტკიცებული. ის, რომ ეს ორი დოკუმენტი სხვადასხვაა, მასზე დასმული ხელმოწერები და ბეჭედიც ადასტურებს, თუმცა, რა იყო ორი დოკუმენტის შექმნის მიზეზი ან მიზანი, ამაზე როგორც მერია, ისე ცენტრის დირექცია ჯერ ისევ სდუმან.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული უწყება, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მეორედ გაეხვა სკანდალში. პირველად ივნისის დასაწყისში, როდესაც ცენტრის ხელმძღვანელმა, რეორგანიზაციის მოტივით, ერთ-ერთი თანამშრომელი, ლიზა ყაზიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. ყაზიშვილი “თავისუფალი დემოკრატების” ადგილობრივი ორგანიზაციის წევრია და მისი გათავისუფლება საეჭვოდ დაემთხვა ქალაქ გორის საკრებულოს ხმაურიან სხდომას, რომელზეც ქალაქის სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანების საკითხი განიხილებოდა. ამ სხდომაზე ყაზიშვილი, თანაქალაქელებთან ერთად, მოითხოვდა, საკრებულოს თემთან გაერთიანების გადაწყვეტილება არ მიეღო. სწორედ ამ სხდომის შემდეგ გამოცხადდა ოფიციალურად მერიის ქვემდებარე უწყებაში რეორგანიზაცია, რომელსაც ჯერ ყაზიშვილის სამსახურიდან გაშვება, შემდეგ კი საშტატო ნუსხასა და სახელფასო ბადესთან დაკავშირებული გაუგებრობა მოჰყვა.
ადგილობრივი არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციები ეჭვობენ, რომ ყაზიშვილი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა, რადგან მისი კვალიფიკაცია წლების განმავლობაში ეჭვს არავისში იწვევდა. საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ თედლიაშვილმა ამ საკითხზე სპეციალური ბრიფინგიც გამართა და ხელისუფლებას განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
რაც შეეხება დოკუმენტს, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ლექსო ვალიაური ფიქრობს, რომ დოკუმენტის ორი ვარიანტი, სწორედ რეორგანიზაციის მიზეზის გასამყარებლად, ყაზიშვილის მოხსნის შემდეგ სახელდახელოდ შექმნეს და მერმა ორივე მათგანს ხელი მოაწერა. საბოლოოდ კი, ორივე დოკუმენტი ძალაში შესული აღმოჩნდა და ერთით მერია, ხოლო მეორით – ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრი ხელმძღვანელობენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ გორის მერიის ა(ა)იპ-ების საქმიანობა აუდიტმა შეისწავლოს. ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ დაწესებულებებში სხვა, არაერთი დარღვევაც აღმოჩნდეს.
საბოლოოდ, რითი დასრულდება დოკუმენტთან დაკავშირებული სკანდალი და როგორ ახსნის ადგილობრივი ხელისუფლება ორი განსხვავებული დოკუმენტის არსებობას, ამას, იმედია, მალე შევიტყობთ. მანამდე კი, ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრის გარშემო ბოლო დროს აგორებულ აჟიოტაჟს ცენტრის დირექტორი გიორგი ნადიბაიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე ერთადერთი სიტყვით ეხმიანება – “გამატელევიზორეს!”