ჭუბერში სამხედრო პანელური ხიდის მშენებლობა დასრულდა. ხიდის კონსტრუქციის აწყობის შემდეგ მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე სამშენებლო ტექნიკა უკვე გადადის და ინტენსიურ სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ხიდის არ არსებობის და ავარიული შემოვლითი გზის გამო ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მასშტაბური გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოების წარმოება ვერ ხერხდებოდა, რის გამოც ჭუბერში შექმნილმა საგანგებო შტაბმა თავდაცვის მინისტრს სპეციალიზებული ხიდის გამოყოფის თხოვნით მიმართა.
ჭუბერში სტიქიამ 6 ხიდი დააზიანა, რის გამოც მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საავტომობილო კომუნიკაცია გართულებული იყო.
სტიქიის ზონაში, სალიკვიდაციო სამუშაოებს სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობენ.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი. მიმდებარე ტერიტორიიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
8 ივლისს პრეზიდენტმა ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვისთვის საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.
ხოლო, მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა, სავარაუდოდ, 5 მილიონ ლარს გადააჭარბა, თუმცა ჯერ ზუსტ ციფრებზე ვერ საუბრობს.