ჭუბერში სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღრიცხვა გრძელდება. მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, უკვე დათვლილია წაღებული მიწის ნაკვეთების და სახლების ზარალი, შესაბამისად ელოდებიან დასკვნებს, სად, როგორ და რა უნდა გაკეთდეს. მერის თქმით, ზუსტი ინფორმაცია, სჭირდებათ იმისთვისაც, რომ მოსახლეობას სწორი მოლოდინები შეუქმნან. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„საკარმიდამო მიწის ნაკვეთებია წაღებული. რამდენიმე დამხმარე ნაგებობაა დანგრეული სახლების მიმდებარედ. ორი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. სასმელი წყლის ავზი 27-მდე ოჯახის, რომელიც მოსახლეობამ კუსტარულად გააკეთა, წაღებულია. გარდა ამისა, ხუთი ხიდია წაღებული“, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
მისი განმარტებით, ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა ხუთ მილიონ ლარს გადააჭარბოს. თუმცა ჯერ ზუსტ ციფრებზე ვერ საუბრობს. თუმცა, მერს ერთადერთი, რისი თქმაც დანამდვილებით შეუძლია, ის არის, რომ შესასრულებელი სამუშაოები ბევრად მეტი იქნება, რადგან ყველაფერი კაპიტალურად უნდა გაკეთდეს.
კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრისთვის დასრულდება სამხედრო ხიდის მონტაჟი, რის შემდეგაც მძიმე ტექნიკა უკვე მეორე ნაპირას გადავა და იქ განაგრძობს სალიკვიდაციო სამუშაოებს.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, მერის თქმით, ამ დროისთვის შუქის გარეშე მხოლოდ ორი სოფელი რჩება. დანარჩენ ადგილებში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებმა ელექტროენერგიის აღდგენა მოახერხეს. კერძოდ, სრულად აღდგა სამკილომეტრიანი ელექტროგადამცემი ხაზ, გამოიცვალა რამდენიმე ტრანსფორმატორიც და დამონტაჟდა ახალი ბოძები.
ჟორჟოლიანის თქმით, დღეს გახდება შემაჯამებელი დასკვნა ცნობილი, თუ რამ გამოიწვია სტიქიის შედეგად განვითარებული მოვლენები ჭუბერში
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი. მიმდებარე ტერიტორიიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
8 ივლისს პრეზიდენტმა ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვისთვის საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.