“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას ბაღდათისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც 2017-2018 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაციები, კერძოდ, არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.
კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირთა 50-მდე ქონებრივი დეკლარაცია შევისწავლეთ. შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში დეკლარაციის არასრულად შევსების 4, ხოლო ხარაგაულში – 1 ფაქტი გამოვლინდა; ბაღდათის მუნიციპალიტეტში თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 2 შემთხვევა აღმოვაჩინეთ.
აღნიშნული გარემოება წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც, საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში.
შესწავლის შედეგად გამოიკვეთა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა კიდევ ერთი დარღვევა, რომელიც ავალდებულებს საჯარო მოსამსახურეს სამსახურის გავლის ვადით სამართავად სხვას გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილები. ბაღდათში საწარმოში არსებული წილები სამართავად არ გადაუცია 4, ხოლო ხარაგაულში – 1 თანამდებობის პირს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
კახა ენუქიძე მერის პირველი მოადგილე
კახა ენუქიძეს 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ იგი არის შპს “კაპ გრუპის” 100%-იანი წილის მესაკუთრე და ამავე კომპანიის დირექტორიც, რაც წარმოადგენს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმად, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი, ასევე კახა ენუქიძემ დაარღვია ამავე კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნა, რადგან მის საკუთრებაში არსებული კომპანიის წილი სამართავად სხვა პირს არ გადასცა.
ფირუზ ბურჯანაძე მერის მოადგილე
ფირუზ ბურჯანაძემ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შპს “ჯორჯია სეთ კომპანი 2-ის” 15%-იანი წილის მესაკუთრე, მას ასევე არ მიუთითებია, რომ ,,ჯორჯიან სენდ კომპანიში’’ 50%-იანი წილის მფლობელია. ფირუზ ბურჯანაძეს წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, შპს “ჯორჯიან სენდ კომპანიმ” 2018 წლის 2 თებერვალს 1600 ლარის ოდენობის გამარტივებული ხელშეკრულება გააფორმა ა(ა)იპ “ჭიათურის დასუფთავების და კეთილმოწყობის სერვის ცენტრთან”, რომლის შესყიდვის საგანს წარმოადგენდა ქვიშის მიწოდება.
შალვა მშვილდაძე საკრებულოს თავმჯდომარე
შალვა მშვილდაძის მიერ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია, რომ იგი არის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ,,მამუკა მდინარაძე, გიორგი გელაშვილი, შალვა მშვილდაძის’’ კომპანიაში 10%-იანი წილის მფლობელი, თუმცა მშვილდაძე ამავე დროს აღნიშნული მეწარმე სუბიექტის დირექტორიცაა, რითაც არღვევს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი, ამასთან, შალვა მშვილდაძე სპს-ში ფლობს არა 10%-იან, არამედ 15%-ს წილს და ამავე დროს, მას აღნიშნული წილი სამართავად სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც ასევე წარმოადგენს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის დარღვევას.
გაბრიელ ღიბრაძე ფრაქცია “ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარე
გაბრიელ ღიბრაძემ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შემდეგი მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრე: • ბაღდათის მუნიციპალიტეტი; სოფელი წითელხევი; 4003.0 კვ.მ. • ბაღდათის მუნიციპალიტეტი ; სოფელი ვარციხე; 1183.0 კვ.მ. გაბრიელ ღიბრაძეს დეკლარაციაში ასევე არ აქვს მითითებული, რომ მისი შვილი ირაკლი ღიბრაძე არის შპს ,,დი.ეი.ჯი. ქონსალთინგის’’ დირექტორი და 33%-იანი წილის მფლობელი.
ზაზა ზივზივაძე ფრაქცია “ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარის მოადგილე
ზაზა ზივზივაძემ დეკლარაციაში მიუთითა, რომ ის არის შპს ,,ფერსათი – 1914-ის’’ 100%-იანი წილის მფლობელი. თუმცა, მას წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა.
მურად ბურჯანაძე ფრაქცია “ქართული ოცნება” თავმჯდომარის მოადგილე
მურად ბურჯანაძემ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შემდეგი მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრე: • ბაღდათის რაიონი, სოფელი პირველი ობჩა; 4498.0 კვ.მ • ბაღდათის რაიონი, სოფელი პირველი ობჩა; 701.0 კვ.მ • ბაღდათის რაიონი, სოფელი პირველი ობჩა, 2800.0 კვ.მ.
მაია კბილაშვილი ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე
მაია კბილაშვილს დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ მას თანასაკუთრებაში აქვს შემდეგი მიწის ნაკვეთები: • ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი დიმი 2000 კვ.მ. • ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი დიმი; 2100 კვ.მ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
რუსუდან გიორგაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
რუსუდან გიორგაძემ 2018 წლის შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შპს საზაფხულო დასასვენებელი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკი “კლდეკარის” 50%-იანი წილის მფლობელი. ამასთან, მას წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა. გარდა ამისა, რუსუდან გიორგაძეს დეკლარაციაში არ აუსახავს, რომ მისი მეუღლე, ბესარიონ ჭიჭინაძე, არის შპს ,,დ გრუპის’’ დირექტორი და 100%- იანი წილის მფლობელი.
თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი.