ბათუმის სტადიონის 100-მილიონიანი პროექტის სამშენებლო ზედამხედველობაზე 2.4-მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. ტენდერი შპს “სტადიონმა” გამოაცხადა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
გამარჯვებულმა კომპანიამ სტადიონის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესის სრული მონიტორინგი უნდა განახორციელოს. კერძოდ, მშენებლობის პროექტთან შესაბამისობა, გამოყენებული სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი და სხვა. მონიტორინგის პროცესი კი სტადიონის მშენებლობის ბოლომდე, ორწელიწადნახევარი უნდა გაგრძელდეს.
ტენდერის ხელახალ გამოცხადებას, წინ დავების საბჭოში შეტანილი სარჩელი უძღვოდა, რომელიც კომპანია ,,კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამ“ შეიტანა. სწორედ ,,კოლიერსი“ გამოაცხადა წინა ტენდერში გამარჯვებულად შპს ,,სტადიონის“ სატენდერო კომისიამ, თუმცა მოგვიანებით, 3 კომპანიის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე, რომლებიც ამ ტენდერში საერთოდ არ მონაწილეობდნენ, საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა. სწორედ ეს გააპროტესტა ,,კოლიერს ინტერნეიშენელ ჯორჯიამ“ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კიდეც. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ,,სტადიონის“ სატენდერო კომისიამ ჯერ კიდევ თებერვალში გამოცხადებული ტენდერი საერთოდ შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობა, გამარჯვებული კომპანიის არარსებობის გამო არ მიმდინარეობს. სწორედ ამაზე მიუთითებდა ,,კოლიერსი“ დავების საბჭოში შეტანილ სარჩელში.
20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს მე-4-ე კატეგორიის სტადიონის მშენებლობას კომპანია “ანაგი” ახორციელებს, რისთვისაც 99, 4 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.