ველისციხეში ძველი უბნებისა და მარნების რეაბილიტაცია იგეგმება

1444

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ძველი ისტორიული უბნებისა და ღვინის მარნების კეთილმოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება. მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, სამუშაოებს სამშენებლო ფირმა „არსი“ განახორციელებს. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

“სოფელში შემორჩენილია მე-XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები,რომლებიც ყურადღებას იქცევს ლამაზი ფასადებით და სხვადასხვა არქიტექტურული ფრაგმენტებით. მათი შენარჩუნება და რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია ტურისტების მოზიდვის მიზნით და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებით. ასევე, მრავლად არის ძველი ღვინის მარნები, რომლებიც საინტერესო ტურისტულ ობიექტებს წარმოადგენენ. პროექტის ფარგლებში მოხდება ძველი უბნების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა. სოფელი ჩაჯდება ტურისტულ მარშრუტში. გურჯაანის მუნიციპალიტეტს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“,- მარკოზაშვილის თქმით, ასევე, მუშაობა მიმდინარეობს სოფელ ჭერემის ნაქალაქარის აღორძინებისთვის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის.