ჭუბერის ხეობის ცენტრში ამ წუთებში მძიმე ტექნიკა მუშაობს და მდინარე ნენსკრას კალაპოტს ხიდის კონსტრუქციის განთავსებისთვის ამზადებენ. კალაპოტთან იყრება დიდი ზომის ლოდები, რათა წყლის დინების მომატების შემთხვევაში კონსტრუქცია არ დაზიანდეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ადგილზე იმყოფებიან გზების დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები, ასევე სამხედროები.
დროებითი ხიდის მონტაჟი 4 დღეში უნდა დასრულდეს და ის მდინარე ნენსკრას ორ მხარეს ერთმანეთთან დააკავშირებს. ხიდი სწორედ იმ ადგილზე განთავსდება, საიდანაც რამდენიმე დღის წინ ძლიერმა დინებამ კაპიტალური ხიდი წაიღო.
სპეციალიზებული ხიდის გამოყოფის თხოვნით უწყებას საგანგებო შტაბმა მიმართა.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი. მიმდებარე ტერიტორიიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
სტიქიის ზონაში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. უკვე გახსნილია ჭუბერის ორი ნაწილის დამაკავშირებელი სამანქანო გზა. მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის იმ ადგილების გამაგრება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსახლეობას. ადგილზე შევიდა დამატებითი მძიმე ტექნიკა.
8 ივლისს პრეზიდენტმა ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვისთვის საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.