წყალტუბოში უბნები შესაძლოა თავად მოქალაქეებმა მოაწყონ. უბნისა და ქუჩების გალამაზების შესაძლებლობა მოქალაქეეებს ახალი პროექტის – სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის მიხედვით ექნებათ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
“წყალტუბოში სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განხორცილების ძირითადი ეტაპი იწყება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები თავად შეძლებენ იზრუნონ საკუთარი უბნის, ქალაქის და ქუჩის გალამაზებაზე. პროგრამა პირველ ეტაპზე მხოლოდ ქალაქს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ქალაქი სამ ზონად დაიყო, თითოეულ ზონას ჰყავს კოორდინატორი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეებთან კომუნიკაციისა და კონსულტირებას,” – ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, თამარ მამარდაშვილი, რომელიც ამავე დროს სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს წევრი გახლავთ.
მისივე ცნობით წყალტუბოში პროგრამის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 150 000 ლარია განისაზღვრული.
“შესაძლოა ამ თანხის ფარგლებში დაფინანსდეს ერთი დიდი პროექტი, ან რამდენიმე მცირე პროექტი. ეს პროექტები ძირითადად მიმართული იქნება მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობაზე, ან ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, გამწვანებასა და გარეგანათების უზრუნველყოფაზე. წარდგენილი პროექტებიდან საუკეთესოს შერჩევა კი თავად წარმომადგენლობითი საბჭოების მიხედვით მოხდება, ” – განმარტავს სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის კომისიის წევრი თამარ მამარდაშვილი.
სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს თავიანთი პროექტის წარდგენა მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 25 ივლისამდე შეეძლებათ.
აღნიშნული პროექტის განხორციელების ვადა ერთი წელია.