ახალციხის სოფელ წყორძაში ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაციას ითხოვენ (ფოტო)

709

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყორძაში მოსახლეობა ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაციას ითხოვს. ცენტრის შენობა ავარიულია, დამტვრელია ფანჯრები, დაზიანებულია კიბეები, სცენა, დაბზარულია კედლები. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორსართულიანი ცენტრის პირველ სართულზე ჩამტვრეული იატაკი ფიცრებით თანამშრომლებმა გაამაგრეს.

„შენობაში ღონისძიებას ვერ ვატარებ, ხალხს ძველ კიბეებზე და დარბაზში ვერ შევიყვანთ. ამ ყველაფერთან ერთად შენობაში არც შუქი გვაქვს. ელექტროგაყვანილობა იმდენად ძველია, რომ მრიცხველიდან გამორთული გვაქვს, გვეშინია ცეცხლი არ გაჩნდეს“, – ამბობს წყორძის ახალგაზრდული ცენტრის მენეჯერი ელზა სუდაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ წყორძის ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაციისთვის პროექტზე უკვე მუშაობენ, თუმცა, ჯერ არ იციან მისი რეაბილიტაცია მიმდინარე წელს მოესწრება თუ არა. ამ დროისთვის არც თანხის ოდენობაა გათვლილი და არც ის ტენდერი როდის გამოცხადდება.