ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ქალაქში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 26 მაისის სახელობის ქუჩაზე გზის განახლება მაისის პირველი რიცხვებიდან დაიწყო და დღეს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო დასრულება ვერ მოხერხდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ქალაქის ქუჩების რეაბილიტაციას რეგიონებში განსახორციელებელი პროეწტების ფონდი აფინანსებს.
„ამ კონკრეტულ ქუჩაზე 74000 ლარია გამოყოფილი და სამუშაოებს შპს „საპოვნელა“ ასრულებს. 345 მეტრი სიგძის ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარის ორი ფენა. ასევე, კომპანიამ დამატებითი პასუხისმგებლობა აიღო ქუჩის მიმდებარე ერთ–ერთი ჩიხის კეთილმოწყობაზე,“– განაცხადა ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით აბულაძემ.
მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასა და შპს „საპოვნელას“ წარმომადგენლებს გაესაუბრა.
„მოგეხსენებათ ზაფხულია, ცხელა და ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები, მძიმე ტექნიკის გადაადგილება და ასე შემდეგ, ართულებს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს. ტექნიკური მიზეზების გამო, კომპანიამ ვერ შეძლო სამუშაოს დათქმულ ვადაში დასრულება, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით ადგილობრივ მოსახლეობას და ვეცდებით დაჩქარებული ტემპით დავასრულოთ სამუშაო,“ – აღნიშნეს კომპანიის წარმომადგენლებმა.
როგორც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ აღნიშნა, ვადაგადაცილების გამო დამატებით კეთდება კიდევ ერთი ჩიხი, რომელიც თავიდან გათვალისწინებული არ იყო.
„ჩვენი მიზანია ყველა პროექტი ხარისხიანად შესრულდეს და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები. მართალია ამ შემთხვევაში ვადაგადაცილებაა, მაგრამ დამატებით კეთდება ერთ–ერთი ჩიხი, რომელიც თავიდან გათვალისწინებული არ იყო,“ – აღნიშნა კახაბერ მახათაძემ.