ახალციხეში, კოსტავას ქუჩის N163–ის ეზოში, სასმელმა წყალმა ამოხეთქა და კორპუსის ეზო დატბორა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მრავალსართულიანი სახლის მცხოვრებლების თქმით, ეზოში სასმელი წყალი, უკვე ერთი კვირაა ამოდის და ტერიტორიას ტბორავს.
“ყოველ დილას ასე იტბორება ეზო. აქ ბავშვები ვეღარ თამაშობენ. ახლა მკვდარი ბაყაყებიც ყრია”, – ამბობენ ადგილობრივები.
პრობლემის მოსაგვარებლად, კორპუსის მცხოვრებლებმა, წყალმომარაგების კომპანიას მიმართეს. მისმა წარმომადგენლებმა, ეზოში დაზიანების ადგილები დახაზეს, თუმცა სასმელი წყლის სისტემა არ შეუკეთებიათ.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული დაზიანება, შიდა ქსელის პრობლემაა, რომლის შეკეთების ვალდებულებაც კომპანიას არ აქვს, ამიტომ დაზიანების ადგილი აქ მცხოვრებლებმა თავად უნდა იპოვნონ.