თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრი დავით უთმელიძე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იყვნენ, სადაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიმდინარე საქმეთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს. გიორგი ტყემალაძე კომიტეტის სრულუფლებიანი წევრია.
თბილისის საკრებულოს ცნობით, სხდომაზე კომიტეტის წევრებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა მომავალი თაობის სოციალური უფლებების დაცვაში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლი, მიგრაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა. განსახილველ საკითხთა შორის იყო ასევე ევროპის საბჭოს სხვადასხვა სტრუქტურებს შორის თანამშრომლობა.
კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ადგილობრივი და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი. კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.