ახალი სათავრობო პროგრამის მიხედვით, ისევე, როგორც წინა სამთავრობო პროგრამით, მთავრობა კვლავ იღებს ვალდებულებას, რომ განავითარებს რეგიონებს, აღმოფხვრის მათ შორის უთანასწორობას, დანერგავს ახალ, ინოვაციურ სისტემებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში რეგიონების როლის ზრდას განაპირობებს.
“საქართველოს მთავრობას აქვს რეგიონული განვითარების სტრატეგიული ხედვა, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარების გათანაბრების პოლიტიკის
მიდგომებს. ეს გულისხმობს ინტეგრირებულ, დარგთაშორის და ტერიტორიაზე მორგებულ დაგეგმვას
და შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებას. უზრუნველყოფილი იქნება რეგიონული განვითარების დაგეგმვის პროცესში ახალი მიდგომების გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში დარგთაშორისი კომპლექსური კავშირების განვითარებასა და ადგილობრივ პირობებთან მაქსიმალურად მორგებული ეკონომიკური მოდელის
შემუშავებას,” – ნათქვამია პროგრამაში.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა სამთავრობო პროგრამაც, რომელსაც დღეს პარლამენტში იხილავენ. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება კი ხვალისთვის იგეგმება.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან 13 ივნისს გადადგა. მან გადადგომის მიზეზად “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობა დაასახელა.
14 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დაასახელა.