რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ევროკავშირის საპილოტე პროექტ რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროექტისთვის 40 მლნ ლარი გამოიყოფა, რომელიც 3 სახელმწიფო სააგენტოზე განაწილდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საპილოტე რეგიონები პირველ ეტაპზე 4 რეგიონს მოიცავს – კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი და შესაბამისი კონკურსის და აქტივობების ფარგლებში, რომელიც ინვესტიციებს და სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას და ადგილობრივი კომპანიების ინოვაციების კვლევა-განვითარების მხარდაჭერას ითვალისწინებს“, – განაცხადა მინისტრმა.
უწყების ცნობით კი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის შედეგად, პროგრამით გათვალისწინებულ დაფინანსებას სამი სახელმწიფო სააგენტო: ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“ მიიღებს.
პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა და მისი წინასწარი ბიუჯეტი 63.75 მლნ ევროა, საიდანაც ევროკავშირის მიზნობრივი დახმარება 53.75 მლნ ევროს შეადგენს.
საპილოტე რეგიონების პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლებას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ინოვაციების ხელშეწყობას, სიღარიბის შემცირებას და საბოლოოდ – თბილისსა და საპილოტე რეგიონებს შორის სოციალური და ეკონომიკური უთანაბრობების ეტაპობრივ აღმოფხვრას.
ჩატარებული კონკურსის შედეგად, საპილოტე რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესთან ან სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსების მიზნით, კონკურსში გამარჯვებულ სააგენტოებს გადაეცემათ:
– ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ – 2021 წელს არაუმეტეს 2 939 884 ლარი, ხოლო 2022 წელს – არაუმეტეს 17 060 116 ლარი (ჯამში – 20 მილიონი);
– სსიპ „აწარმოე საქართველოში“ – 2022 წელს არაუმეტეს 16 200 000 ლარი;
– სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ – 2021 წელს არაუმეტეს 130 000 ლარი, ხოლო 2022 წელს – არაუმეტეს 3 300 000 ლარი (ჯამში – 3 430 000 ლარი).
„კონკურსში გამარჯვებული სააგენტოების პროგრამები საპილოტე რეგიონებში ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების მოდერნიზება-გაფართოების დაფინანსებას ითვალისწინებს; ტექნიკურ დახმარებას პროდუქტის ლიცენზირებასა და სერტიფიცირებაში, ბრენდინგსა და პროდუქციის შეფუთვაში, საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირებაში; აუცილებელ ფინანსურ მხარდაჭერასა და ტექნიკურ დახმარებას თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის, ბიზნესის წამოწყების ან არსებულის გადაიარაღებისათვის, ინოვაციური ან მაღალტექნოლოგიური ელემენტის შემცველი და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნესპროექტების დაფინანსებას და სხვა.
საპილოტე რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ კონკურენტუნარიანობას, ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვას და საშუალებას მისცემს, მიაწოდონ ბაზარს ახალი პროდუქცია და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები“, – ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.