რა წერია მანიფესტში, რომელზე ხელმოწერითაც პოლიტიკურმა პარტიებმა დეცენტრალიზაციისა და ძლიერი თვითმმართველობის ჩამოყალიბების ვალდებულება აიღეს

696

შემდეგი სტატია

თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, მოძრაობა „სირცხვილამ“ დისკუსია გამართა, სადაც მონაწილეობა სხვადახვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

დისკუსიაზე იმსჯელეს, თუ როგორია მათი ხედვა თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით.

დეცენტრალიზაციისა და ძლიერი თვითმმართველობის დამკვიდრებისთვის ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დისკუსიის დასასრულს მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

“30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აღდგა ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, რომელიც ეფუძნება 2000-წლიან სახელმწიფოებრიობის ტრადიციას და 1918-1921 წლების პოლიტიკურ მემკვიდრეობას”.

მიუხედავად პოსტსაბჭოთა მძიმე მემკვიდრეობიდან თავის დაღწევის მრავალი მცდელობისა, დღემდე ჩვენი ქვეყანა პოლიტიკური ცენტრალიზაციის პირობებში იმართება – გადაწყვეტილებების მიღების მთავარი ცენტრი არის თბილისი, გადაწყვეტილებების მიმღები არიან პოლიტიკური ლიდერები და გადაწყვეტილების მიღების ადგილი არის ჩინოვნიკების კაბინეტები. “დემოკრატიული ცენტრალიზმი”, როგორც ჩვენი საყოველთაო და უახლოესი პოლიტიკური მემკვიდრეობა, წამყვანი პრინციპია, როგორც სახელმწიფოს მართვაში, ასევე, ზოგადად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

შედეგად, დღეს ჩვენ გვიწევს ცხოვრება სახელმწიფოში, სადაც ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ, ხოლო პოლიტიკის 80% ოკუპირებულია “ძლიერი ცენტრის” მიერ. დღეს დეფაქტო ძალადაკარგულია ჩვენი მთავარი პოლიტიკური თანხმობის დოკუმენტი – საქართველოს კონსტიტუცია, სადაც შეთანხმებულები ვართ შემდეგ პრინციპებზე:

  • სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პირნციპზე დაყრდნობით;
  • საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულების ულებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს. სახეკლმწიფო უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრების შესაბამისობას ორგანული კანონით განსაზღვრულ თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებებთან.

ჩვენ, პოლიტიკური პარტიები და ჩვენი ამომრჩევლები, შევდივართ საარჩევნო პროცესში, რომლის შედეგად ჩვენს ამომრჩევლებს უნდა მიეცეთ პოლიტიკური თავისუფლება, აირჩიონ და არჩეულ იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რომლის მეშვეობითაც უნდა მოვაწესრიგოთ ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეები.

გასათვალისწინებელია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნენოს შედეგად არჩეულ თვითმმართველობას მუშაობა მოუწევს რეალობაში, სადაც:

  • ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების მნიშვნელოვანი წილი ცენტრალიზებულია ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების მიერ;
  • ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების მოწესრიგებისთვის საჭირო ფინანსური და ეკონომიკური რესურსები ძირითადად ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების მიერ კონტროლდება. მუნიციპალიტეტი საერთოდ გამოთიშულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესებიდან და მხოლოდ მომსახურების მიმწოდებელ ორგანოებად არიან გადაქცეული;
  • თვითმმართველობის განხორციელების ტერიტორიული საფუძვლები საბჭოთა რაიონულ დაყოფას ეფუძნება და არა ევროპული მუნიციპალიტეტის სტანდარტებს, სადაც მცირე, საშუალო და დიდ ქალაქებსა და სოფლებსაც არ გააჩნიათ თვითმმართველი ერთეულის სტატუსი;
  • ჩვენი მართვის მოდელი უგულებელყოფს ჩვენს ისტორიულ მხარეებს და მას ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელებად აქცევს, სადაც რეგიონული განვითარება ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციაა და არა თვითმმართველობის;
  • მართვის და თვითმმართველობის მოდელიც ეფუძნება არარაციონალურ შიშებს, რომ სანამ საგარეო და საშინაო საფრთხეები გვაქვს, ქვეყანაში “ხალხის მმართველობა” დაგვშლის და დაგვაქუცმაცებს.

ჩვენ, ამ პოლიტიკური მანიფესტის ხელმომწერი პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ვაცნობიერებთ რა ჩვენს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მივიჩნევთ, რომ მმართველობის დეცენტრალიზაცია და ძლიერი თვითმმართველობის დამკვიდრება არის და იქნება ჩვენი პოლიტიკური მიზანი. ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად შევიმუშავებთ და მხარს დავუჭერთ ყველა ინიციატივას, რომელიც პოლიტიკაში მონაწილეობის დაკარგულ უფლებას დაუბრუნებს ხალხს და დაეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

  • ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების მნიშვნელოვანი წილი უნდა მოწესრიგდეს ხელისუფლების იმ ორგანოს მიერ, რომელიც ყველაზე ახლოს არის ხალხთან (სუბსიდიარობის პრინციპი);
  • ადგილობრივ თვითმმართველობას ექნება ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების მნიშვნელოვანი წილის მოსაგვარებლად საკმარისი ფინანსური და ეკონომიკური რესურსი და მუნიციპალიტეტები დაბრუნდებიან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, როგორც მნიშვნელოვანი აქტორები;
  • თვითმმართველობის განხორციელების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოდელი საბჭოთა მოდელის ნაცლვად დაეფუძნება ევროპულ სტანდარტებს და კარგ პრაქტიკას;
  • ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან ასარიდებლად იგი უნდა დანაწილდეს, როგორც ჰორიზონტალურად – შტოებს შორის, ისე ვერტიკალურად – მმართველობის დონეებს შორის;
  • ქვეყანაში შეიქმნება ორდონიანი თვითმმართველობის მოდელი, რომელიც საქართველოს ისტორიულ რეგიონებს, სამართლებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტატუსს მიანიჭებს, დაუბრუნებს როლს ქვეყნის მართვის საკითხებში;
  • დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა არის ქვეყნის საშინაო და საგარეო საფრთხეებზე, გამოწვევებზე ყველაზე ადეკვატური პასუხი, რომელიც შედეგად მოგვცემს ქვეყნის ტერტორიული მთლიანობის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური თანხმობის მიღწევის გარანტიებს.

მანიფესტის ხელმომწერი პარტიები არიან: “გირჩი მეტი თავისუფლება”, “ნაციონალური მოძრაობა”, “რესპუბლიკური პარტია”, “მესამე ძალა”, “დროა”, “ლელო”, “თავისუფალი დემოკრატები”.

დისკუსიას, ასევე, ესწრებოდა “ევროპული საქართველო”, თუმცა, პარტიის წარმომადგენელმა მანიფესტს ხელი არ მოაწერა.