თვითმმართველობის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის
მიზნით, პარლამენტში წარდგენილი მთავრობის ახალი შემადგენლობაც, წინა მთავრობის მსგავსად, დეცენტრალიზაციის 2018-2025 წლების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პირობას კვლავ დებს.
“თვითმმართველობის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის
მიზნით შემუშავდება დეცენტრალიზაციის ახალი, 2018-2025 წლების სტრატეგიის დოკუმენტი. რეფორმის მთავარი მიზანია, სუბსიდიარობის პრინციპებზე დაყრდნობით თვითმმართველობის უფლებამოსილებათა გაზრდა, ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების დანერგვა, თვითმმართველობის როლის გაზრდა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში და თვითმმართველობის უზრუნველყოფა შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით”, – ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა სამთავრობო პროგრამაც, რომელსაც დღეს პარლამენტში იხილავენ. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება კი ხვალისთვის იგეგმება.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან 13 ივნისს გადადგა. მან გადადგომის მიზეზად “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობა დაასახელა.
14 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დაასახელა.