ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი, კოტე ქავთარაძე, რომელიც ამავე დროს სოციალური საცხოვრისის მოწყობის მიზნით ქუთაისის მერიაში შექმნილი კომისიის თავმჯოდმარე იყო, შენობაში ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნის შესახებ Facebook-ზე წერს. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.
დეტალურად აღწერს კომისის შექმნის წინაპირობას, კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტის შერჩევის, ხელშეკრულების გაფორმების და მისი შესრულების ეტაპებს.
ექსპერტიზის დასკვნის პასუხად, რომლის თანახმადაც შენობა, სადაც სოციალური საცხოვრისია მოწყობილი, ადრე საწარმო იყო და ამის გამო იგი არ აკმაყოფილებს საცხოვრებელ პირობებს, კოტე ქავთარაძე ამბობს, რომ სწორედ ამ ფაქტის გამო ის სამჯერ უფრო მეტ დატვირთვაზეა გათვლილი, ვიდრე საცხოვრებელი სახლი.
მისივე თქმით, არსებობს როგორც შენობის მდგრადობის, ასევე, ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა, რომლითაც დასტურდება კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ასევე საუბრობს საჯარო რეესტრის ამონაწერებზე, რომლებიც მისი თქმით, მერიის მიერ შეძენილ ყველა ფართზე ინდივიდუალურადაა გაფორმებული.
ყოფილი ვიცე-მერი აქცენტს აკეთებს დასკვანში ნახსენებ ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზეც, რომლის შესაბამისადაც უნდა მოწყობილიყო შენობა, რაც დასკვნის მიხედვით არ მოხდა. კოტე ქავთარაძე ამბობს, რომ ეს ვალდებულება ხელშეკრულებაში შეცდომით იყო მითითებული და სინამდვილეში კონკურსის პირობებით კომპანიას ეს არ ევალებოდა.
კოტე ქავთარაძე ასევე საუბრობს დამატებითი ფართების დროს დაზოგილ 70 000 ლარზე და კონკურსში გამარჯვებული კომპანიის მიერ მერიისთვის შეთავაზებულ 2000 კვ.მ ეზოზე, რომელშიც, მისი თქმით, მერიას თანხა არ გადაუხდია.
რაც შეეხება სასადილოსა და საერთო სამზარეულოს მოწყობასა და გათბობის ერთიანი სისტემის მონტაჟს, ეს მისი თქმით, მეორე ეტაპის ფარგლებში იყო დაგეგმილი, რისთვისაც დამატებითი ფინანსების მოძიებაა საჭირო.
ლევან სამხარაულის ექსპერტების მიერ ჩატარებული დასკვნის სრული ვერსია ქუთაისის მერიას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. მანამდე დასკვნის ნაწილი ქუთაისპოსტმა მოიპოვა, სადაც საუბარია როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე, დოკუმენტაციასთან მიმართებაში არსებულ ხარვეზებზე. მათ შორის, დასკვნაში ნათქვამია, რომ შპს “სანომ” ბენეფიციარებს იმაზე ნაკლები რაოდენობის ფართი გადასცა, ვიდრე მერიამ მიღება-ჩაბარების აქტში მიუთითა.