ოპოზიცია: სენაკში მიწის ნაკვეთი კორუფციული გარიგებით იყიდება

991

სენაკში გარუჩავას ქუჩაზე 3559 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულებისმიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონის ვადა დღეს სრულდება. აუქციონი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

სენაკში „ეროვნული ფორუმის“ ორგანიზაციის წევრი აპოლონ გარუჩავა ამბობს, რომ ამ მიწის ნაკვეთის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადასაცემად მან ხელმოწერები არაერთხელ შეაგროვა, თუმცა უარი მიიღო. მიწის ნაკვეთზე აუქციონის გამოცხადება, აფიქრებინებს, რომ მისი შეძენა ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს სურთ.

“მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი დგას აუქციონის უკან. ელიტარულ კორუფციასთან გვაქვს საქმე. ამიტომ გავერთიანდით ამ ქუჩაზე მცხოვრები რამდენიმე მოქალაქე და ვაპირებთ, რომ შევიძინოთ ეს ნაკვეთი აუქციონზე“, – გვითხრა აპოლონ გარუჩავამ.

ამ მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის მოთხოვნით, მან სენაკის მერს მიმდინარე წლის მარტის თვეშიც მიმართა, რაზეც ასე უპასუხეს:

„გაცნობებთ, რომ თქვენს განცხადებაში მითითებული ტერიტორიის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში მის მოსაწესრიგებლად და სპორტული მოედნის მოსაწყობად სამუშაოები უნდა განხორციელდეს საკუთარი სახსრებით, რასაც მოკლებულები ვართ 2018 წლის ბიუჯეტში სათანადო თანხის არქონისა და შესაბამისად, მისი გაუთვალსწინებლობის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე თქვენს თხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ“, – ნათქვამია მერის ლევან კუპრეიშვილის საპასუხო წერილში.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონის ვადა დღეს 17. 00 საათზე იწურება.