მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს. ინფორმაციას ქვემო ქართლის ტელეკომპანია ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სხდომას ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, თავმჯდომარის მოადგილეები – ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჟანიძე, აგრეთვე, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებიან.
სხდომას ქვემო ქართლის გუბერნატორი უძღვება.
მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის დაკავების შემდეგ, მერის მოვალეობას, სავარაუდოდ, მისი მოადგილე, ზაურ ტაბატაძე შეასრულებს.
სავარაუდოდ დღესვე გადაწყდება, თუ ვინ უხელმძღვანელებს მარნეულში “ქართულ ოცნებას”. ცოტა ხნის წინ პარტიის თავმჯდომარედ სწორედ თემურ აბაზოვი აირჩიეს.
როგორც ცნობილია, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დღეს დააკავეს. მას ბრალად ედება “მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, ჯგუფურად პირის მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა”, რაც თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით ისჯება. მასთან ერთად, მოქალაქის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე სამართლებრივი დევნა კიდევ 3 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო. მათგან ერთი საქართველოს პარლამენტის წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, აზერ სულეიმანოვია, მეორე – მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან”, რამინ ალახვერდიევი, ხოლო მესამე მარნეულის მერის ნათესავია.